მაია ბითაძე და დავით სონღულაშვილი ენერგეტიკული გაერთიანების (Energy Community) სამდივნოს დირექტორს შეხვდნენ
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილი, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ხატია წილოსანი და მოადგილე სალომე ქურასბედიანი ენერგეტიკული გაერთიანების (Energy Community) სამდივნოს დირექტორ არტურ ლორკოვსკის შეხვდნენ.
პარლამენტის ინფორმაციით, მხარეებმა ისაუბრეს საქართველოს მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მიმდინარეობაზე და სამომავლო თანამშრომლობის საკითხებზე.
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, სალომე ქურასბედიანის განცხადებით, დღის წესრიგში ასევე დადგა გარკვეული ახალი საკითხები, რომლებიც ევროკავშირის შიდა კანონმდებლობის ცვლილებიდან გამომდინარე აქტუალური ხდება ჩვენი ქვეყნისთვისაც.
„ეს საკითხები შეეხებოდა როგორც ენერგეტიკულ, ასევე გარემოსდაცვით მიმართულებებს. გარკვეულ პოზიციებზე შევჯერდით და შევთანხმდით, რომ ოპტიმალური შედეგის მისაღებად ორი მხარე აღნიშნულ საკითხებზე მუშაობას გააგრძელებს”, – აღნიშნა სალომე ქურასბედიანმა.