მიხეილ სარჯველაძე: „ნაცმოძრაობის“ გაერთიანების მცდელობები განპირობებულია იმ შიშით, რომელიც ამ პარტიას აქვს – არ დაკარგოს დომინანტური როლი ოპოზიციის რიგებში

„ნაციონალური მოძრაობის“ გაერთიანების მცდელობები, მგონია, უფრო მეტად განპირობებულია იმ შიშით, რომელიც ამ პოლიტიკურ პარტიას აქვს, რათა არ დაკარგოს დომინანტური როლი ოპოზიციის რიგებში, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

სარჯველაძის თქმით, ისინი ცდილობენ, ოპოზიციის პოლიტიკურმა ცენტრმა მათგან სხვაგან არ გადაინაცვლოს.

„ამის მცდელობები, რა თქმა უნდა, ექნება „ნაციონალურ მოძრაობას“. თუნდაც ეს მანიფესტი და ყველა სხვა დოკუმენტი, რომელიც იკრიბება ამ მიმართულებით, რა ინიციატივებიც მოდის, როგორც ჩანს, ამ მოტივით უნდა იყოს განპირობებული. ყოველ შემთხვევაში, მე ასეთი ვარაუდი მაქვს.

რაც შეეხება საკითხს, რომ IRI-ს კვლევების მიხედვით რაღაც დადასტურდა, გამიჭირდება დაყრდნობა იმ კვლევაზე, რომლის მიხედვითაც მოცემულია ეს მონაცემები. ერთი რამ შემიძლია, ცალსახად გამოვკვეთო, რომ ის, რასაც ოპოზიცია ეუბნებოდა საზოგადოებას, ამ კვლევის მიხედვითაც კი, რომლის სანდოობაც ხშირ შემთხვევაში გამხდარა ეჭვის მიზეზი, ოპოზიციას, რეალურად, ბევრი ტყუილი აქვს საზოგადოებისთვის ნათქვამი. ამ კვლევითაც ასე დასტურდება. პირველი – ყველაზე სანდო პოლიტიკური ძალა „ქართული ოცნება“ კვლავ აღიარებულია. ეს მნიშვნელოვანია, ყველამ გაითვალისწინოს, და მეორე, არანაკლებ მნიშვნელოვანი, რომ რადიკალურად და თვისობრივად შორს არის დაცილებული მომდევნო, ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის რეიტინგიც კი. ამ კვლევების მიხედვითაც კი ასე იკვეთება. შესაბამისად, ეს ნიშნავს, რომ მაინცდამაინც სასიხარულოდ ოპოზიციას ნამდვილად არ აქვს საქმე“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები