მამუკა მდინარაძე: ვინ ეკითხება ვიოლა ფონ კრამონს, გზას როდის გააკეთებენ თბილისში?!

ვინ ეკითხება ვიოლა ფონ კრამონს, გზას როდის გააკეთებენ თბილისში. სად ჩამოდიან და რა მისი საქმეა, გზის რეაბილიტაცია როდის და სად მოხდება?!, – ასე ეხმაურება ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე ევროპარლამენტარ ვიოლა ფონ კრამონის განცხადებას.

„ჯერ ერთი, ვინ ეკითხება ვიოლა ფონ კრამონს, გზას როდის გააკეთებენ თბილისში. სად ჩამოდიან და რა მისი საქმეა, გზის რეაბილიტაცია როდის და სად მოხდება?! მეორე, ერთი წლით ხომ გადაუვადდათ გეგმები არჩევნებთან დაკავშირებით და ახლა ფიქრობენ, რომ გაისად მაინც მოახდინონ ამბოხებისმაგვარი. საიდან დაასკვნეს, რომ მაინც და მაინც იმ მომენტში იქნება გზა ისე გადათხრილი, რომ ადამიანი ვერ გაივლის. წარმოიდგინეთ, რა დონის სიგიჟემდე მივდივართ, რომ ისინი ახლა ფიქრობენ, გაისად არჩევნებთან დაკავშირებით ამბოხი მოახდინონ საქართველოში და მაინც და მაინც იმ დროს არ იყოს გადათხრილი პარლამენტის წინა ტერიტორია. აი, აქ მივდივართ და ამაზე უნდა ვისაუბროთ, რომ არა, ნამდვილად არ იქნება ამ დროს ასეთი ვითარება. არასერიოზულია ეს ამბავი! უბრალოდ, იმ მცირე ჯგუფის ფსიქოლოგიაზე მოქმედებს, რომელთაც შესაძლოა, მართლაც ეგონოთ, ახლა გადაითხრება რუსთაველი და პარლამენტის წინ, არჩევნების გასაპროტესტებლად, რომელიც აუცილებლად უკანონოდ ჩატარდება, ადამიანი ფეხით ვეღარ მივა. ამ ლოგიკას ავითარებენ და ამის დარწმუნებით არიან დაკავებულები. თქვენ თავად ხვდებით, რამდენად მდაბიო დარწმუნების ხარისხია ამ ყველაფერში“, – განაცხადა მდინარაძემ.

ცნობისთვის, ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი 2024 წელს რუსთაველის გამზირზე დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების უკან პოლიტიკურ მიზანს ხედავს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები