ანრი ოხანაშვილი: არავითარი დაპირება არ გაგვიცია, შესაბამისად, 2024 წლის 26 ოქტომბერს არჩევნები ჩატარდება 5%-იანი ბარიერის და პროპორციული საარჩევნო სისტემის ფარგლებში
არავითარი დაპირება არ გაგვიცია, ვალდებულება არ არსებობს ამასთან დაკავშირებით, შესაბამისად, 2024 წლის 26 ოქტომბერს არჩევნები ჩატარდება 5%-იანი ბარიერის და პროპორციული საარჩევნო სისტემის ფარგლებში, – ამის შესახებ გადაცემაში „იმედი LIVE“ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, მმართველმა გუნდმა სახალხო განხილვები მოაწყო და ქართველ ხალხთან შეათანხმა, როგორი უნდა ყოფილიყო საარჩევნო სისტემა და ბარიერი.
„საზოგადოებამ იცის, რომ საარჩევნო ბარიერის საკითხი არ ყოფილა [ევროკავშირის] 12-პუნქტიანი გეგმის შემადგენელი ნაწილი. შესაბამისად, ვერც იქნება განხილული [ბარიერის დაწევის საკითხი]. ეს უკავშირდება ქვეყნის შიდა კონსტიტუციურ, საარჩევნო სისტემას და ამ საკითხზე გადაწყვეტილება მიღებული აქვს ქართველ ხალხს. როდესაც 2017-2018 წლებში საკონსტიტუციო რეფორმა გავატარეთ, საქართველოს კონსტიტუციით პარლამენტის წევრებს ევალებათ აზრი ჰკითხონ ჩვენს საზოგადოებას. ჩვენ საყოველთაო-სახალხო განხილვები მოვაწყვეთ და ქართველ ხალხთან შევათანხმეთ, როგორი უნდა ყოფილიყო საარჩევნო სისტემა და ბარიერი. არავითარი დაპირება არ გაგვიცია, ვალდებულება არ არსებობს ამასთან დაკავშირებით, შესაბამისად, 2024 წლის 26 ოქტომბერს არჩევნები ჩატარდება 5%-იანი ბარიერის და პროპორციული საარჩევნო სისტემის ფარგლებში“, – აღნიშნა ოხანაშვილმა.