ლევან დავითაშვილი – „შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის განხორციელების კუთხით საქართველო და ევროკავშირი ძალიან მჭიდრო მოკავშირეები და პარტნიორები ვართ”

„შავი ზღვის წყალქვეშა კაბელი ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია არამარტო საქართველოსთვის, არამედ ევროკავშირისთვისაც. ეს არის ურთიერთსასარგებლო, ურთიერთხელსაყრელი პროექტი და შესაბამისად, ჩვენ ძალიან მჭიდრო მოკავშირეები და პარტნიორები ვართ ამ პროექტის განხორციელების კუთხით”, – განაცხადა საქართველოს ვიცეპრემიერმა, ლევან დავითაშვილმა დღეს ენერგეტიკის საკითხებში ევროკომისარ კადრი სიმსონთან შეხვედრის შემდეგ ერთობლივ პრესკონფერენციაზე.

შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი დღეს თბილისში ვიცეპრემიერ ლევან დავითაშვილსა და ევროკომისარ კადრი სიმსონს შორის მაღალი დონის ენერგეტიკული დიალოგის ფორმატში გამართული პირველი შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ეს პროექტი არის დამატებითი ენერგოუსაფრთხოება ევროპისთვის და, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი შესაძლებლობები საქართველოსთვის, ქართული ენერგოსისტემისთვის.
„ეს არის ფლაგმანი პროექტი, რომელიც საქართველოს პირდაპირ, ფიზიკურად დააკავშირებს ევროკავშირთან შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის მეშვეობით. ის მოგვცემს საშუალებას, რომ არა მხოლოდ ინსტიტუციურად ვიყოთ მზად, გვქონდეს წვდომა ევროპულ ენერგეტიკულ ბაზარზე, არამედ ფიზიკური წვდომის პირობებში, გვქონდეს ურთიერთმიმოცვლა და საქართველოში წარმოებული ენერგიის ექსპორტი მოხდეს”, – აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.
ამასთან, როგორც დღეს პრესკონფერენციაზე აღნიშნა, ეს არის ძალიან დიდი სტიმული ინვესტორებისთვის, რომ საქართველოს განახლებად ენერგიებში მოხდეს ინვესტირება – რადგან საქართველოს საშუალება ეძლევა, პირდაპირ დაუკავშირდეს მაღალი მსყიდველობითი უნარის, უფრო პროგნოზირებად, სამართლიან ევროპულ ენერგეტიკულ ბაზარს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები