ნიკოლოზ სამხარაძე: ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს უკვე სრული სურათი აქვს, თუ რა საფრთხეების წინაშე დგას საქართველო რუსეთის ოკუპაციიდან გამომდინარე
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტისთვის ნათელია, რომ ეს კონფლიქტი გაყინული არ არის, ადამიანები აწყდებიან ყოველდღიურ პრობლემებს. შესაბამისად, საერთაშორისო საზოგადოების მიერ მეტი ყურადღება უნდა მიექცეს რუსეთის ოკუპაციისგან მომდინარე საფრთხეებს,– ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.
ნიკოლოზ სამხარაძე ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტ პია კაუმასთან ერთად საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდა.
როგორც მან აღნიშნა, პია კაუმას საოკუპაციო ხაზთან ჩასვლა მნიშვნელოვანია.
„მოგეხსენებათ, რომ ეუთოს თანათავმჯდომარეობით მიმდინარეობს ჟენევის მოლაპარაკებები. ეს არის ერთადერთი ფორმატი, სადაც საქართველო მონაწილეობს რუსეთთან ერთად და სადაც განიხილება ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის საკითხები. ამიტომ, მნიშვნელოვანი იყო ჩვენთვის, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი ჩამოსულიყო საოკუპაციო ხაზთან, თავის თვალით ენახა, რა ხდება საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ, როგორ შენდება სამხედრო დანიშნულების ობიექტები საოკუპაციო ხაზს მიღმა, რა პრობლემებს აწყდება ადგილობრივი მოსახლეობა“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.
მისივე თქმით, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს უკვე სრული სურათი აქვს იმის შესახებ, თუ რა საფრთხეების წინაშე დგას საქართველო რუსეთის ოკუპაციიდან გამომდინარე.
„ჩვენ მას მოვუყევით იმ პრობლემების შესახებ, რომლებიც როგორც სახელმწიფოს უსაფრთხოებიდან გამომდინარე გვაქვს, ასევე, ადგილობრივ დონეზე მოსახლეობის გადაადგილების შეზღუდვის პრობლემების შესახებ ვუამბეთ. შესაბამისად, მას უკვე სრული სურათი აქვს იმის შესახებ, თუ რა საფრთხეების წინაშე დგას საქართველო რუსეთის ოკუპაციიდან გამომდინარე. ასევე, მოვუყევით იმ ტრაგიკული ამბის შესახებ, რომელიც რამდენიმე დღის წინ მოხდა. შესაბამისად, მისთვის ნათელია, რომ ეს კონფლიქტი გაყინული არ არის, ადამიანები აწყდებიან ყოველდღიურ პრობლემებს. შესაბამისად, საერთაშორისო საზოგადოების მიერ მეტი ყურადღება უნდა მიექცეს რუსეთის ოკუპაციისგან მომდინარე საფრთხეებს“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.