კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ საბანკო დაზღვევის – კომერციული ბანკების მიერ საკრედიტო პროდუქტების რეალიზაციის დროს სადაზღვევო პროდუქტების შეთავაზება/რეალიზაციის ბაზრის მონიტორინგი დაასრულა

საქართველოს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ დაასრულა საბანკო დაზღვევის – კომერციული ბანკების მიერ საკრედიტო პროდუქტების რეალიზაციის დროს სადაზღვევო პროდუქტების შეთავაზება/რეალიზაციის ბაზრის მონიტორინგი.

კონკურენციის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მონიტორინგი დაწყების საფუძველს ააიპ „დაზღვევის კავშირის“ მომართვა და საქართველოს ეროვნული ბანკის 2022 წლის ფინანსური სტაბილურობის ანგარიში წარმოადგენდა.

სააგენტოს მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად დადგინდა შემდეგი:
საკრედიტო პროდუქტების ბაზარი მაღალ კონცენტრირებულია – 2020-2022 წლებში, საკრედიტო პროდუქტების ბაზარზე კონცენტრაციის ინდექსი (HHI) მერყეობდა 3862 ერთეულიდან 3972 ერთეულამდე, რაც მაღალ კონცენტრირებული ბაზრის მაჩვენებელია და ამასთანავე ხაზგასასმელია, რომ მას გააჩნდა სტაბილური ხასიათი, ისევე როგორც მსხვილ ეკონომიკურ აგენტებს შორის წილობრივ განაწილებას.
დომინანტური მდგომარეობა და ეკონომიკური აგენტების საბაზრო ძალა – 2020-2022 წლებში საკრედიტო პროდუქტების მიწოდებას ახორციელებდა 15 კომერციული ბანკი. 10 კომერციული ბანკის შემთხვევაში საკრედიტო პროდუქტებთან ერთად ფიქსირდება სადაზღვევო პროდუქტების მიწოდებაც, მათ შორის 2 უმსხვილესი კომერციული ბანკის საერთო საბაზრო წილი განსახილველ პერიოდში იყო სტაბილურად მაღალი და ინდივიდუალურ დონეზე გააჩნდა სტაბილური პროცენტული მაჩვენებელი. ამასთან, 1 ეკონომიკური აგენტის შემთხვევაში საბაზრო წილი აღემატება 40%-ს და შესაბამისად სახეზეა დომინანტური მდგომარეობა, ხოლო დამატებით 1 ეკონომიკური აგენტის საბაზრო წილი გადის დომინანტური მდგომარეობის ზღვარზე.
შესაძლო ინტერესთა კონფლიქტი – კომერციულ ბანკებს და სადაზღვევო კომპანიებს შორის არსებულ სტრუქტურულ პირდაპირ/არაპირდაპირ კავშირის შედეგად, ისევე როგორც კონკრეტული „ანაზღაურების სქემების“ არსებობისას, შესაძლოა სახეზე იყო ინტერესთა კონფლიქტი, რის შედეგადაც შესაძლოა მომხმარებლისთვის მოხდეს იმ სადაზღვევო კომპანიის პროდუქტის შერჩევა/შეთავაზება, რაც კონკრეტულ შემთხვევაში შესაძლოა არ იყოს მომხმარებლისთვის საუკეთესო არჩევანი.

3 კომპანიის შეთავაზების ვალდებულება და შერჩევის კრიტერიუმები – საქართველოს ეროვნული ბანკის 2021 წელს მიღებულ გადაწყვეტილებით, კომერციული ბანკები ვალდებული არიან მომხმარებლისთვის მომხმარებელს შესთავაზონ სულ მცირე 3 სადაზღვევო კომპანია – გადაწყვეტილებას გააჩნდა კონკრეტული გავლენა ბაზარზე. თუმცა, ამ კუთხით მნიშვნელოვანია რამდენიმე საკითხის გათვალისწინება:
1. სადაზღვევო ბაზარზე მოქმედებს 18 სადაზღვევო კომპანია, საკრედიტო პროდუქტთან დაკავშირებული სადაზღვევო პროდუქტების 99.8%-ის მიწოდებას კი ახორციელებს 6 სადაზღვევო კომპანია, რომელთა რიცხვიც მცირდება მათ შორის არსებული კავშირების გათვალისწინებით;
2. სადაზღვევო კომპანიების მიერ საკრედიტო პროდუქტთან დაკავშირებული სადაზღვევო პროდუქტის რეალიზაციის 70% შემთხვევებში, რეალიზაცია განხორციელდა ბანკის/ბანკების შუამავლობით, რომელსაც გააჩნდა პირდაპირი ან ირიბი კავშირი სადაზღვევო კომპანიებთან. რაც შეეხება დარჩენილ 30%-ს, ამ შემთხვევაში სადაზღვევო პროდუქტის/პროდუქტების მიწოდებას ახორციელებენ კომპანიები, რომლებსაც წარსულშიც გააჩნდათ კონკრეტულ კომერციულ ბანკებთან სტრატეგიული კავშირი;
3. საკრედიტო პროდუქტების ბაზარზე მოქმედი 2 მსხვილი კომერციული ბანკის შემთხვევაში, რეალიზებული სადაზღვევო პროდუქტების 66-93% შეადგენს პირდაპირ/ირიბად დაკავშირებული სადაზღვევო კომპანიის პროდუქტს (2022 წლის მონაცემი, რაშიც ასახულია ეროვნული ბანკის მიერ 2021 წელს მიღებული გადაწყვეტილება 3 სადაზღვევო კომპანიის შეთავაზების შესახებ).
სავალდებულო პირობა 3 სადაზღვევო კომპანიის შეთავაზების კუთხით, ერთი მხრივ უნდა ქმნიდეს სივრცეს კონკურენციისთვის, თუმცა მეორე მხრივ, იმ პირობებში, როდესაც არ არსებობს კონკრეტული საკანონმდებლო მოწესრიგება, თუ როგორ უნდა მოხდეს კომერციული ბანკების მიერ 3 სადაზღვევო კომპანიის შერჩევა, მათ შორის რა პერიოდულობით უნდა განხორციელდეს ის, იძლევა ლავირების საშუალებას – მათ შორის პირდაპირი/ირიბი კავშირების, ინტერესთა შესაძლო კონფლიქტის გავლენით ან/და სხვა ფინანსური სარგებლის მიღების მოტივით.
ინფორმაციის ასიმეტრიულობა – საკრედიტო, ისევე როგორც სადაზღვევო პროდუქტი სპეციფიკურია და შესაბამისად, ინფორმაცია, რომელიც ხელმისაწვდომია მიმწოდებლებისთვის (ბანკი/სადაზღვევო კომპანია), იმავე ფორმით არ არის ხელმისაწვდომი მომხმარებლისთვის. შესაბამისად, მომხმარებლის მიერ ინფორმირებული არჩევანის გაკეთება დამოკიდებულია ბანკის მხრიდან ამგვარი ინფორმაციის მომხმარებლისთვის გაზიარებაზე. ამასთან, მომხმარებლის მიერ პროდუქტის კომერციულ ბანკში – „ადგილზე“ შეძენის შემთხვევაში, არ არსებობს მექანიზმი, რომელიც დაადგენს – ახორციელებს თუ არა ბანკი მომხმარებლისთვის ინფორმაციის კანონმდებლობით გათვალისწინებული ფორმით მიწოდებას, იგულისხმება არჩევანი 3 სადაზღვევო კომპანიას შორის და შესაძლებლობა სხვა ნებისმიერი სადაზღვევო კომპანიის არჩევის შესახებ.

One-Stop Shop პრინციპი და გავლენა ბაზარზე – კომერციული ბანკები საკრედიტო პროდუქტის რეალიზაციის დროს, სადაზღვევო პროდუქტის მოთხოვნა/რეალიზაციის ფარგლებში სარგებლობენ point-of-sale უპირატესობით. რაც ნიშნავს იმას, რომ მომხმარებელი ბანკის მიერ საკრედიტო პროდუქტთან დაკავშირებით მოთხოვნილი სადაზღვევო პროდუქტის მომსახურებას იღებს იმავე სივრცეში, ისევე როგორც ძირითად საკრედიტო პროდუქტთან ერთად ახორციელებს დაკავშირებული სადაზღვევო პროდუქტის ღირებულების გადახდას. მომხმარებლისთვის აღნიშნულს გააჩნია რიგი ხელშესახები სარგებელი, თუმცა რიგ შემთხვევებში, შეზღუდული არჩევანის პირობებში, ამგვარმა პროცესმა შესაძლოა გამოიწვიოს იმგვარი სადაზღვევო პროდუქტის შეძენა, რაც კონკრეტულ შემთხვევაში არ წარმოადგენდა ქვედა დონის ბაზარზე არსებულ საუკეთესო არჩევანს, ამ ბაზარზე არსებული კონკურენციის გათვალისწინებით.
რეკომენდაციები ბაზარზე კონკურენტული გარემოს გაუმჯობესების მიზნით, სააგენტო მიზანშეწონილად მიიჩნევს საქართველოს ეროვნული ბანკის მიმართ გასცეს განსახილველად სავალდებულო რეკომენდაციები:
1. 3 სადაზღვევო კომპანიის შერჩევის კონკრეტული კრიტერიუმების საკანონმდებლო დონეზე ჩამოყალიბება – ბაზრის ზედა დონეზე კონცენტრაციის მაღალი მაჩვენებლის, 2 მსხვილი კომპანიის საბაზრო წილის და სადაზღვევო პორტფელის ეკონომიკურ აგენტთა მცირე ნაწილზე გადანაწილების გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია საკანონმდებლო დონეზე ჩამოყალიბდეს 3 სადაზღვევო კომპანიის შერჩევის კრიტერიუმები, რისი გამოყენების ვალდებულებაც ექნება კომერციულ ბანკს შერჩევის პროცესში.
2. 3 სადაზღვევო კომპანიის შერჩევის პროცესის განგრძობადი მონიტორინგი – შერჩევის კრიტერიუმების საკანონმდებლო დონეზე რეგულირების შემდეგ, ეროვნული ბანკის მიერ განხორციელდეს კომერციული ბანკების მხრიდან ჩატარებული შერჩევის პროცესის განგრძობადი მონიტორინგი და დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში მოხდეს კანონმდებლობით გათვალისწინებული რეაგირება;
3. ინტერესთა კონფლიქტის შესაძლო შემთხვევების დარეგულირება – მნიშვნელოვანია, რომ საკანონმდებლო დონეზე დარეგულირდეს ინტერესთა კონფლიქტის არსებული/შესაძლო შემთხვევები, რათა გამოირიცხოს მისი შესაძლო ნეგატიური გავლენა ბაზარზე/კონკურენტულ გარემოზე.
4. შერჩეული 3 სადაზღვევო კომპანიის შეთავაზების მონიტორინგი – მნიშვნელოვანია ასევე განხორციელდეს მონიტორინგი, თუ რამდენად აწვდის კომერციული ბანკი მომხმარებელს ინფორმაციას ამგვარი არჩევანის შესახებ. ასევე, რამდენად მიეწოდება მომხმარებელს ინფორმაცია სხვა სადაზღვევო კომპანიის პროდუქტის შეძენის შესაძლებლობის შესახებ. აღნიშნულის მონიტორინგი, სააგენტოს მოსაზრებით შესაძლებელია მოხდეს მისტიური მყიდველის მეშვეობით, ასევე, შესაძლებელია განხორციელდეს უკუკავშირი მომხმარებელთან, თუ რამდენად მოხდა ბანკის მიერ მისი სრული ინფორმირება განსახილველ ორივე საკითხთან დაკავშირებით;
5. მომხმარებლის დამატებითი უფლება, საკრედიტო პროდუქტის მოქმედების პერიოდში, ნებისმიერ დროს შეცვალოს სადაზღვევო კომპანია – მნიშვნელოვანია საკანონმდებლო დონეზე დარეგულირდეს მომხმარებლის უფლება – საკრედიტო პროდუქტის მოქმედების პერიოდში, ნებისმიერ დროს შეცვალოს სადაზღვევო კომპანია. ამ მიმართულებით გასათვალისწინებელია ბანკის ინტერესიც, კერძოდ, ახალი სადაზღვევო კომპანიის პროდუქტი უნდა აკმაყოფილებდეს ბანკის მიერ დადგენილ მინიმალურ სახელშეკრულებო მოთხოვნებს. სააგენტოს პოზიციით, მომხმარებელს ზემოაღნიშნული უფლებით სარგებლობა უნდა შეეძლოს როგორც ახალ, ასევე უკვე მოქმედ საკრედიტო პროდუქტებთან მიმართებაში.
6. ბაზრის გამჭვირვალობის უზრუნველყოფა – ციფრული პლატფორმის შექმნა: სააგენტოს პოზიციით მნიშვნელოვანია ბაზარზე შეიქმნას სათანადო პირობები, რათა გარანტირებული იყოს მომხმარებლის სათანადო ინფორმაციული უზრუნველყოფა, რაც თავის მხრივ უზრუნველყოფს დამატებითი კონკურენტული წნეხის შექმნას შესაბამის ბაზარზე. ამ მიზნით, სააგენტო მიიჩნევს, რომ დარგის მარეგულირებელმა უნდა შეიმუშავოს ან/და ხელი შეუწყოს სპეციფიკური ციფრული პლატფორმის შემუშავებას, სადაც კომერციული ბანკების მხრიდან უნდა განთავსდეს ხელშეკრულების მინიმალური მოთხოვნების შესახებ აუცილებელი ინფორმაცია, ხოლო სადაზღვევო კომპანიები ამ პირობების შესაბამისად შეძლებენ ფასის შეთავაზებას. პლატფორმას ექნება მრავალმხრივი დადებითი ეფექტი კონკურენციაზე, მათ შორის მომხმარებელი მარტივად შეძლებს სხვადასხვა კომპანიების სადაზღვევო პროდუქტების შედარებას და თავის მხრივ პლატფორმას ექნება დადებითი გავლენა სადაზღვევო ბაზარზე კონკურენციის დამატებით წახალისების მიმართულებითაც. სააგენტოს მოსაზრებით, ამგვარი პლატფორმის შემუშავება/წახალისება უნდა განხორციელდეს დარგის მარეგულირებელი ორგანოების, კერძოდ საქართველოს ეროვნული ბანკის და საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ჩართულობით და მჭიდრო კოორდინაციით.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები