დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა მთავრობის მიერ წარდგენილ პროექტებზე იმსჯელა

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა მეორე მოსმენით განიხილა „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ” კანონში ცვლილებები და მისგან გამომდინარე კანონპროექტთა პაკეტი.

როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ გურამ გურამიშვილმა განაცხადა, კანონპროექტის მიღების მიზანია პირველ რიგში მგზავრთა უსაფრთხოება, მომსახურების დონის ამაღლება, საავტომობილო მგზავრთა გადაყვანის სფეროში და ავტოსადგურებში არსებული რთული მდგომარეობის გამოსწორება, შესაბამისად, მგზავრთა გადაყვანის სფეროს გაჯანსაღება და ავტოსატრანსპორტო ბაზარზე კონკურენტუნარიანი გარემოს შექმნა.

აქამდე კანონით განსაზღვრული 4 სახის ნებართვის ნაცვლად ხდება ორი სახის ნებართვის შემოღება – საერთაშორისო საავტომობილო სამგზავრო გადაყვანის ნებართვა და საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვის ნებართვა, რომელთა აღების შემთხვევაში გადამზიდველს მიეცემა საშუალება განახორციელოს, როგორც საერთაშორისო რეგულარული თუ არარეგულარული, ისე ქვეყნის შიდა რეგულარული გადაყვანა და საერთაშორისო ტვირთის გადაზიდვა.

მომხსენებლის განცხადებით, კანონში ცვლილების შედეგად ხელი შეეწყობა ქვეყნის ავტოსატრანსპორტო სისტემის ევროპულ და მსოფლიო სატრანსპორტო სისტემაში ინტეგრაციის პროცესის დაჩქარებასა და ტურიზმის განვითარებას. ავტოსატრანსპორტო პროცესის უსაფრთხოების ზრდას და ეკოლოგიური მაჩვენებლების გაუმჯობესებას, მომხმარებელთა მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას, სამგზავრო გადაყვანების სფეროში მაღალკვალიფიციური, პროფესიონალი და გამოცდილი კადრების დასაქმებას.

გურამ გურამიშვილმა კომიტეტს ასევე გააცნო მთავრობის მიერ რატიფიცირებისთვის წარდგენილი „საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის შესახებ კონვენციის” ცვლილებები. მისი განმარტებით, ცვლილების მიღების მიზანია საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის ასამბლეის მიერ არჩეული საბჭოს წევრების გაფართოება, რაც ხელს შეუწყობს წარმომადგენლობითი, დაბალანსებული, მრავალფეროვანი და ქმედითი საბჭოს ჩამოყალიბებას, რომელიც უზრუნველყოფს მსოფლიოს ყველა რეგიონის წარმომადგენლობას საბჭოში.

სხდომაზე კომიტეტმა იმსჯელა კანონპროექტზე „საქართველოს საზღვაო სივრცის შესახებ” კანონში ცვლილების თაობაზე.

როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ნინო ენუქიძემ განმარტა, საკითხი შეეხება საქართველოს ტერიტორიულ წყლებში ნახევარკუნძულების და კუნძულების მშენებლობას, მათ ექსპლუატაციას და შემდგომ განკარგვას. მისი თქმით, აქამდე ეს საკითხი ტერიტორიულ წყლებში არ იყო რეგულირებული, რეგულირდებოდა მხოლოდ განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში.

„ნაპირიდან 12 საზღვაო მილის მანძილზე შესაძლებელი იქნება შეიქმნას ხელოვნური ნახევარკუნძულები და კუნძულები, რომელთა ტერიტორიაზე ნებისმიერ საქმიანობასთან მიმართებით იმოქმედებს ქვეყანაში არსებული საკანონმდებლო რეგულაციები და მოთხოვნები, რაც ხელს შეუწყობს შავი ზღვის ტერიტორიაზე მნიშვნელოვანი საინვესტიციო პროექტების განხორციელებას, ქვეყნის ინფრასტრუქტურის განვითარებას და ეკონომიკური პოტენციალის რეალიზებას”, – განაცხადა ნინო ენუქიძემ.

განხილულ პროექტებს კომიტეტის წევრებმა მხარი დაუჭირეს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები