განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის სხდომაზე ზოგადი და უმაღლესი განათლების შესახებ კანონებში ცვლილებები განიხილეს
განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის სხდომაზე პირველი მოსმენით განიხილეს საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „ზოგადი განათლების შესახებ” კანონში ცვლილება.
მომხსენებლის, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილის ნოდარ პაპუკაშვილის განმარტებით, ცვლილება შედის კიდევ ორ კანონში, კერძოდ, „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ” და „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ” კანონებში.
ცვლილებების თანახმად, უცხოელი მასწავლებლებისთვის მოიხსნება საქართველოს კანონმდებლობით მოწვეული მასწავლებლისთვის განსაზღვრული საგაკვეთილო საათების შეზღუდვა, რაც მათ შესაძლებლობას მისცემს მაქსიმალური საათობრივი დატვირთვით ჩაერთონ სასწავლო პროცესში.
მომხსენებლის თქმით, მნიშვნელოვან ცვლილებას წარმოადგენს სწავლის დაწყებით საფეხურზე მოსწავლეთა მიღების წესი.
„2024-2025 სასწავლო წელს, დაწყებით საფეხურზე, მშობლის სურვილის შემთხვევაში, სწავლის დაწყების შესაძლებლობა დამატებით მიეცემათ ბავშვებს, რომელთაც 6 წელი შეუსრულდებათ სასწავლო წლის დაწყების თარიღის მომდევნო დღიდან 1 დეკემბრამდე, ხოლო 2025-2026 სასწავლო წლიდან, დაწყებით საფეხურზე, სწავლის დაწყების შესაძლებლობა დამატებით მიეცემათ ბავშვებს, რომელთაც 6 წელი შეუსრულდებათ სასწავლო წლის დაწყების თარიღის მომდევნო დღიდან 31 დეკემბრის ჩათვლით”, – განაცხადა ნოდარ პაპუკაშვილმა.
მისივე ინფორმაციით, ცვლილებების შედეგად, უმაღლესი და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის ვადა განისაზღვრება 6 წლით, ხოლო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის ვადა 9 წლით.
სხდომაზე ასევე პირველი მოსმენით განიხილეს „უმაღლესი განათლების შესახებ” კანონში და მისგან გამომდინარე „საქართველოს საგადასახადო კოდექსში” ცვლილება.
ნოდარ პაპუკაშვილის განმარტებით, „უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონს დაემატება მუხლი, რომელიც დაარეგულირებს საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ფინანსური დავალიანების მქონე სტატუსშეჩერებული სტუდენტების სწავლის ხელშეწყობის მიზნით 2023 წელს გასატარებელ ღონისძიებებთან დაკავშირებულ საკითხს.
„სწავლის საფასურის ჩამოწერაზე (განულების) სურვილი გამოთქვა 26-მა კერძო უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებამ, დავალიანების ჯამურმა ოდენობამ 14 ათასამდე სტუდენტზე შეადგინა დაახლოებით 17.0 მლნ ლარი, ხოლო 18 სახელმწიფო უნივერსიტეტში დავალიანების ჯამურმა ოდენობამ 13 ათასამდე სტუდენტზე შეადგინა დაახლოებით 12.5 მლნ ლარი. ჯამში 29.5 მლნ ლარია”, – განაცხადა ნოდარ პაპუკაშვილმა.
განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის გიორგი ჩაკვეტაძის განცხადებით, აღნიშნული ცვლილება თითოეული სტუდენტისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
„მისასალმებელია ეს ცვლილება. ეს იყო დაპირება, რომელიც გაიცა პრემიერ- მინისტრის მხრიდან და შესრულდა. გამონაკლისი იყო 2 უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელმაც პოლიტიკური ნიშნით გადაწყვიტა არ მიეღო მონაწილეობა პროექტში, რომელიც თითოეული ახალგაზრდისთვის ძალიან მნიშვნელოვანია”, – განაცხადა გიორგი ჩაკვეტაძემ.
კომიტეტმა მხარი დაუჭირა განხილული საკითხების პლენარულ სხდომაზე გატანა