“დროთა განმავლობაში მეტის თქმა მომიწევს” – რიში სუნაკის კაბინეტში საკადრო ცვლილებაა
დიდი ბრიტანეთის მთავრობაში საკადრო გადაადგილებაა.
აღნიშნული მას შემდეგ დაანონსდა, რაც გასულ კვირას რიში სუნაკმა ქვეყნის შს მინისტრი, სუელა ბრავერმანი თანამდებობიდან გაათავისუფლა.
ამ მოვლენას წინ უძღოდა ბრავერმანის საგაზეთო სტატია, სადაც მან პალესტინის მხარდამჭერ აქციაზე დედაქალაქის პოლიციის ქმედება გააკრიტიკა.
ბრავერმანი პოლიციის მიმართ დაუმორჩილებლობასა და მათ მიმართ საზოგადოების ნდობის შელახვაში დაადანაშაულეს. კრიტიკოსებმა – როგორც ოპოზიციური პარტიებიდან, ასევე კონსერვატიული დეპუტატებიდან – ბრევერმანის კომენტარებს “შეურაცხმყოფელი” უწოდეს.
The Times-ში სუელა ბრავერმანმა დაწერა, რომ პოლიცია “ფავორიტობანას თამაშობს” და განსხვავებულად აგვარებს მემარცხენე და მემარჯვენე აქციებს, კერძოდ, ის მეტად ლმობიერია მემარცხენე აქციების მიმართ.
ცოტა ხნის წინ, თანამდებობიდან გათავისუფლების შემდეგ პირველად, სეულა ბრავერმანმა კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ ”ჩემს ცხოვრებაში უდიდესი პრივილეგია იყო შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე მუშაობა. დროთა განმავლობაში მეტის თქმა მომიწევს.”
დღეს ასევე გახდა ცნობილი, რომ თანამდებობა ორმა მინისტრმა – სკოლების და ჯანდაცვის მინისტრებმა დატოვეს.
SkyNews წერს, რომ დილიდან დაუნინგ-სთრითზე კაბინეტის წევრები მიდიან, მედიამ ასევე ყოფილი პრემიერმინისტრი, დევიდ კემერონი შენიშნა.