კობა კობალაძემ საოკუპაციო ძალის მიერ მოკლული თამაზ გინტურის ოჯახს მიუსამძიმრა

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ, სამსახურის თანამშრომლებთან და ვეტერანებთან ერთად, რუსული საოკუპაციო ძალის მიერ მოკლული თამაზ გინტურის ოჯახს მიუსამძიმრა და მის ხსოვნას პატივი მიაგო.

ამის შესახებ ინფორმაციას ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური ავრცელებს.

„58 წლის თამაზ გინტური, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალის მკვიდრი გახლდათ. იგი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის წარმოებული საომარი მოქმედებების მონაწილე იყო.

თამაზ გინტურს, 11 ნოემბერს, მშობლიურ სოფელში, სამხედრო პატივით დაკრძალავენ.

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური, ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანები, კიდევ ერთხელ გამოთქვამენ ღრმა მწუხარებას რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის მიერ მოკლული თამაზ გინტურის გამო და სამძიმარს უცხადებენ მის ოჯახს, ახლობლებს, სრულიად საქართველოს.

ინფორმაციისთვის, თამაზ გინტური, მიმდინარე წლის 6 ნოემბერს, სოფელ კირბალთან, რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე, საოკუპაციო ძალის წარმომადგენელმა, უკანონოდ დაკავების მცდელობისას, ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა; მასთან ერთად მყოფი, მისი თანასოფლელი, ლევან დოთიაშვილი, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკანონოდ დააკავეს და ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადაიყვანეს.

საქართველოს მოქალაქის მკვლელობისა და ერთი პირის გატაცების ფაქტებთან დაკავშირებით, გამოძიება, სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 143-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას და თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები