“თუ გადავხედავთ რეკომენდაციებს, ძირითადი საკითხები ეხება რეფორმების ბოლომდე მიყვანას” – ნიკოლოზ სამხარაძე
„თუ გადავხედავთ რეკომენდაციებს, რომლებიც გაცემულია შემდეგ ეტაპზე გადასასვლელად, ძირითადი საკითხები ეხება რეფორმების ბოლომდე მიყვანას – ევროკომისია აღიარებს საქართველოს პროგრესს და ელოდება, რომ ამ დაწყებულ რეფორმებს ბოლომდე მივიყვანთ ან სრულვყოფთ“, – ამის შესახებ „ქრონიკის“ ეთერში პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.
„ჩვენ გავეცანით დოკუმენტს და ვიცით, რა არის შეფასებული თითქმის სრულად შესრულებულად და მეტწილად შესრულებულად. თუ გადავხედავთ რეკომენდაციებს, რომლებიც გაცემულია შემდეგ ეტაპზე გადასასვლელად, ძირითადი საკითხები ეხება რეფორმების ბოლომდე მიყვანას. იქნება ეს სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებული საკითხები, ინსტიტუციურ გაძლიერებასთან დაკავშირებული საკითხები, საპარლამენტო ზედამხედველობასთან დაკავშირებული საკითხები და ა.შ. ყველგან წერია „სრულყოფა, დასრულება, ბოლომდე მიყვანა“, რაც იმას ნიშნავს, რომ ევროკომისია აღიარებს საქართველოს პროგრესს და ელოდება, რომ ამ დაწყებულ რეფორმებს ბოლომდე მივიყვანთ ან სრულვყოფთ.
რაც შეეხება ახალ რეკომენდაციებს, მე გამოვყოფდი ორ საკითხს. ერთი ეხება საქართველოს მიერთებას ევროკავშირის საგარეო პოლიტიკურ განცხადებებზე. გაცემულია რეკომენდაციაა, რომ ეს მაჩვენებელი უფრო მაღალი იყოს. ამის წინააღმდეგი არ ვართ, უბრალოდ უნდა ვიყოთ დარწმუნებულები, რომ ეს არ შეუქმნის საფრთხეს ჩვენს არაღიარების პოლიტიკას და ტერიტორიული მთლიანობის საკითხს.
მეორე არის არჩევნების ჩატარების საკითხი და აქაც, პრინციპში, არავის რომ არ დაეწერა ეს რეკომენდაცია, ჩვენს ინტერესშია, რომ 2024 წლის არჩევნები ჩატარდეს სამართლიანად“, – აღნიშნა სამხარაძემ.