“რუსების გვეშინია” – სოფელ კირბალის მაცხოვრებლები
სოფელ კირბალის მოსახლეობა ამბობს, რომ ოკუპანტების ეშინიათ. მათი თქმით, თავისუფლად გადაადგილებასაც კი ვერ ახერხებენ. რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქის, თამაზ გინტურის მკვლელობამ ეს შიში კიდევ უფრო გაამძაფრა.
“რუსების გვეშინია. თუ ახვალ ცოტა ზევით, დაგიჭერენ, წაგიყვანენ. ხშირად ხდება მსგავსი ფაქტები. საქონელი რომ მიდის, მაშინ ადის ხალხი. ვერ გაიგებ, საზღვარი სადაა – გადმოვლენ და წაგიყვანენ. ვერიდებით, მაგრამ შეიძლება, საფლავზე ახვიდე და იქ დაგიჭირონ”, – ამბობს ადგილობრივი.
კიდევ ერთი ადგილობრივი ამბობს, რომ შიშის გამო საფლავზეც ვერ გადიან.
“რას მივდივართ… ჩუმად ვართ… ნახირში მიდიხარ, შიშია… ვერ გაგივლია, საფლავზე ვერ გასულხარ. შიშია, აბა რაა?!”, – ამბობს კიდევ ერთი ადგილობრივი.
ცნობისთვის, გუშინ სოფელ კირბალთან რუსეთის საოკუპაციო ძალებმა საქართველოს მოქალაქე თამაზ გინტური მოკლეს, ხოლო ლევან დოთიაშვილი უკანონოდ დააკავეს.