ოკუპანტების მიერ გატაცებული დოთიაშვილის მამა: ჩემს ბიჭს დაარეკინეს გინტურის ტელეფონით 112-ში, დაჭრილია და წაიყვანეთო

საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ კირბალიდან გატაცებული ლევან დოთიაშვილის მამა გუშინ განვითარებულ მოვლენებს იხსენებს და ამბობს, რომ მის შვილს ცხინვალში წაყვანამდე თამაზ გინტურის ტელეფონით დაარეკინეს და ათქმევინეს, რომ დაჭრილი გინტური წაეყვანათ.

“ჩამოათრიეს რუსებმა თვითონ, ჩვენ საზღვარზე გადმოიტანეს და წაიღეთ, მოაშორეთ, წაიყვანეთ მანქანაო. აბა, ვინ გამიშვა, გავრბოდი და დამიჭირეს და არ გამიშვეს, რომ მენახა, თორემ შეიძლება, ცოცხალიც იყო ის ბიჭი. ჩემი მეგობარი იყო ისიც. დარეკვით ჩემს ბიჭს დაარეკინეს მიცვალებულის ტელეფონით 112-ში, რომ დაჭრილი არის და წაიყვანეთ, მიხედეთო. ჩემი ბიჭი, დაინახეს, რომ წითელი ეცვა და ეგრე გადაატარეს, ესე იგი, ჩემს ბიჭს არაფერი დაზიანება არ აქვს”, – ამბობს გატაცებულის მამა.

ცნობისთვის, გუშინ სოფელ კირბალთან რუსეთის საოკუპაციო ძალებმა საქართველოს მოქალაქე – თამაზ გინტური მოკლეს, ხოლო ლევან დოთიაშვილი უკანონოდ დააკავეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები