ანდრია გვიდიანი: 2024 წლის ბიუჯეტი არა ახალი გადასახადებით, არამედ ეკონომიკის რეალური განვითარების ხარჯზე იზრდება

2024 წლის ბიუჯეტის პროექტი ყველა იმ კითხვას პასუხობს, თუ რა გააკეთა მოქმედმა ხელისუფლებამ მმართველობის პერიოდში, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის ხელმძღვანელი, ეკონომიკის ექსპერტი – ანდრია გვიდიანი სოციალურ ქსელში წერს.

გვიდიანის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ ბიუჯეტის ზრდა არ არის დაკავშირებული გადასახადების ზრდასთან ან ახალი გადასახადების შემოღებასთან. მისივე თქმით, 2024 წლის ბიუჯეტი ერთ-ერთი საუკეთესოდ დაბალანსებული დოკუმენტია.

“2024 წლის ბიუჯეტის პროექტი ყველა იმ კითხვას პასუხობს, თუ რა გააკეთა მოქმედმა ხელისუფლებამ მმართველობის პერიოდში.

2024 წელს ნაერთი ბიუჯეტი 28.5 მილიარდი ლარი იქნება;

2012 წელს ნაერთი ბიუჯეტი მხოლოდ 8.6 მილიარდი იყო, რაც იმას ნიშნავს, რომ 2024-ში ბიუჯეტი 3,3-ჯერ, ანუ 231%-ით გაიზრდება.

ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ბიუჯეტის ასეთი ზრდა არ არის დაკავშირებული გადასახადების ზრდასთან, ან ახალი გადასახადების შემოღებასთან. 2012 წელს საგადასახადო ტვირთი/მშპ-სთან 24,7% იყო, ხოლო 2024 ბიუჯეტის მიხედვით, 24,6%-ს შეადგენს. შესაბამისად, ეს ნიშნავს, რომ 2024 წლის ბიუჯეტი არა ახალი გადასახადებით, არამედ ეკონომიკის რეალური განვითარების ხარჯზე იზრდება.

რაც შეეხება მაკროპარამეტრებს, ყველა ინდიკატორით საქართველოს ერთ-ერთი საუკეთესო ბიუჯეტი ექნება მომავალ წელს. დეფიციტი – 2,5%; ვალი 38,3% და სხვა. მსგავსი პარამეტრები ჩვენზე გაცილებით განვითარებული ქვეყნებისთვისაც კი შესაშურია.

ყველას კარგად გვესმის, რომ ბიუჯეტის ასეთი შთამბეჭდავი ზრდა ნიშნავს, უკეთეს ჯანდაცვას, უკეთეს ინფრასტრუქტურას, უკეთეს განათლებას, უკეთეს უსაფრთხოებას და ა.შ. – ვერ ხედავდე ასეთ სიკეთეებს და ჩასაფრებულის პოზიციიდან უსაფუძვლოდ აკრიტიკო მსგავსი ბიუჯეტი – უბრალოდ მავნებლობა მგონია.

საბოლოო ჯამში, ცალკეული კომპონენტების მიხედვით ბიუჯეტის ანალიზი გვერდზე რომ გადავდოთ, შეიძლება ითქვას, რომ მომდევნო წლის ბიუჯეტი ერთ-ერთი საუკეთესოდ დაბალანსებული დოკუმენტია როგორც სოციალური, ისე სხვა ყველა მნიშვნელოვანი მიმართულებით.

P.S – ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ბიუჯეტის მხოლოდ პირველ და მეორე წარდგენას შორის თითქმის 700 მილიონიანი ზრდაა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ პოზიტიური მოლოდინები მოსალოდნელზე დინამიკურად ძლიერდება”, – წერს ანდრია გვიდიანი Facebook-ზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები