ირაკლი ზარქუა: საქართველო დამსახურებულად მიიღებს კანდიდატის სტატუსს
დიახ, საქართველო დამსახურებულად მიიღებს კანდიდატის სტატუსს, – ამის შესახებ პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.
„ამ ხელმოცარულების, რადიკალების ნარატივმა არ გაჭრა. ამათ ჩაჰქონდათ არასწორი ინფორმაცია და ახლა ჩვენ უფრო აქტიურად გავშალეთ ეს ფრონტი. ჩვენი საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები, ჩვენი კოლეგები პარლამენტიდან მიმოფანტული იყვნენ და მთელი ძალებით მობილიზებულები ვიყავით, მეტი სიმართლე გაგვეტანა, თუ რას აკეთებს საქართველო. ბიუჯეტის გამჭვირვალობით ტოპ ხუთეულში შევდივართ. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი გასულ წელს დასახელებული იყო ყველაზე გამჭვირვალედ და ღიად მსოფლიოში. რეფორმების ნაწილში, მაგალითად კანონის უზენაესობის მიმართულებით საქართველო ტოპ ოცეულშია, ევროკავშირის ქვეყნებს ვუსწრებთ კანონის უზენაესობით, სამართლიანობით, ბიუჯეტის ღიაობით, გამჭვირვალობით. ეს არის ევროპა. ჩვენ ეს ავუხსენით კიდევ ერთხელ და ამ მავნებლებმა ეტყობა უკვე ვეღარ შეძლეს, რომ სხვანაირად ჩარეულიყვნენ გადაწყვეტილების მიღებაში და ახლა ყველას აქვს მოლოდინი, მათ შორის ამ ხელმოცარულებს ოპოზიციაში, რომ დიახ, კანდიდატის სტატუსს დამსახურებულად მიიღებს საქართველო და ახლა უნდათ, რომ ამის მონაწილენი იყვნენ“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.