ბიძინა ივანიშვილი: განა ლამაზი იქნება ორი დელეგაციის წასვლა პატარა, ღარიბი ქვეყნიდან ამერიკაში

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი მიიჩნევს, რომ კითხვა, თუ ვინ უნდა წავიდეს გაეროში არ არსებობს, რადგან საქართველო უკვე საპარლამენტო რესპუბლიკაა. როგორც ივანიშვილმა გაზეთ “კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში განაცხადა, პრეზიდენტი კონკურენციას აგრძელებს, მაშინ, როცა ერთი ღარიბი ქვეყნიდან აშშ-ში ორი დელეგაციის წასვლა ლამაზი არ იქნება.
“ვნახეთ სია, ვინ ჩავა და გაეროს სხდომას ვინ დაესწრება საპარლამენტო რესპუბლიკებიდან. როგორც წესი, იქ პრემიერები იქნებიან წარმოდგენილები. კითხვა არ არსებობს. ისევ მიდის თანაბარი შედარება და ფონი უფრო მეტად ისეთია, თითქოს აშავებს პრემიერი და ჩაგრავს პრეზიდენტს, ამ დროს კი ორჯერ ორი ოთხია – რა თქმა უნდა, იქ წავა მერკელი, რა თქმა უნდა, იქ წავა ნეთანიაჰუ, რა თქმა უნდა, იქ წავა ინგლისის პრემიერი და ა.შ – შეიძლება მხოლოდ ერთი ორი გამონაკლისი იყოს, როცა პრემიერმა ვერ მოიცალა და გადასცა ეს უფლება პრეზიდენტს. ასეთია კონსტიტუცია საპარლამენტო რესპუბლიკაში. ის შეხვედრა, საიდანაც ამან მოწვევა მიიღო, დაბალი დონის შეხვედრაა. სხვათა შორის, კლიმატის გაუმჯობესების სამიტზე შარშან ფანჯიკიძე იყო მიწვეული, თუმცა მასაც წასვლა არ სდომებია – ზალკალიანი უნდა წასულიყო, თუმცა, საბოლოოდ, წავიდა ფანჯიკიძე, იმიტომ რომ სხვა საქმეებიც ჰქონდა, მაგრამ არავის უფიქრია, რომ ჩემთვის ეთქვა ან პრეზიდენტი წასულიყო. ეს არის რეალობა”, – აცხადებს ბიძინა ივანიშვილი.
მისივე თქმით, მარტივი დასანახია, რომ აშშ-ში წასვლა პრემიერის პრეროგატივაა და მთავრობამ გადაწყვეტილება უკვე მიიღო.
“ეს ძალიან მარტივი თემაა საანალიზოდ. სად არის მედია, სად არის ჟურნალისტიკა, სად არიან ისინი, ექსპერტებს რომ ეძახიან საკუთარ თავს, რა უნდა ამის დალაგებას, სადაა კითხვები? განა არ ჩანს, რომ ერთი მხრიდანაა მხოლოდ პრობლემები? განა მარტივი დასანახი არაა, რომ წასვლა პრემიერის პრეროგატივაა და მთავრობამ გადაწყვეტილება უკვე მიიღო. განა ლამაზი იქნება ორი ცალ-ცალკე დელეგაციის წასვლა პატარა, ღარიბი ქვეყნიდან ამერიკაში, მაგრამ ეს კაცი ამას არ დაგიდევს არაფრად და ისევ კონკურენციას აგრძელებს. მას ჰგონია, რომ ეს არის ჯანსაღი კონკურენცია”, – აღნიშნავს ყოფილი პრემიერი. ინტერვიუში ივანიშვილი იმასაც აღნიშნავს, რომ კონფლიქტი პრეზიდენტსა და პრემიერს შორის “ნაციონალურ მოძრაობას” აწყობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები