Politico: აშშ-ის ადმინისტრაციაში ფიქრობენ, რომ ნეთანიაჰუმ თანამდებობა შესაძლოა, მალე დაკარგოს
თეთრი სახლის ადმინისტრაციის ყოფილი და ამჟამინდელი მაღალჩინოსნები პროგნოზირებენ, რომ ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ თანამდებობა შესაძლოა, უახლოეს თვეებში დაკარგოს.
ამის შესახებ Politico წყაროებზე დაყრდნობით წერს.
Politico-ს ცნობით, ბაიდენმა ნეთანიაჰუს წასვლის შესაძლებლობა ისრაელში მასთან ბოლო შეხვედრის დროს განიხილა.
„ბაიდენმა ნეთანიაჰუს შესთავაზა, კიდევაც ეფიქრა იმ გაკვეთილზე, რასაც ის გაუზიარებს თავის შემცვლელს”, – წერს გამოცემა.
მისი წყაროების თქმით, თეთრ სახლში მიაჩნიათ, რომ ნეთანიაჰუ პრემიერმინისტრად კიდევ რამდენიმე თვის განმავლობაში იმუშავებს, ან თუნდაც ღაზას სექტორში ისრაელის სამხედრო ოპერაციის პირველი ეტაპის დასრულებამდე.
ამავე დროს, Politico-ს ოთხივე წყარო საუბრობს ისრაელის პოლიტიკის სრულ არაპროგნოზირებადობაზე.
”ისრაელის საზოგადოებაში აუცილებლად დადგება პასუხისმგებლობის მომენტი იმაზე, რაც მოხდა. საბოლოოდ, ყველაფერი პრემიერმინისტრამდე მიდის,” – ამბობს ერთ-ერთი წყარო.
თუმცა, თეთრი სახლის კიდევ ერთი ოფიციალური პირი ამბობს, რომ არ არის საჭირო დიდი ყურადღების გამახვილება ნეთანიაჰუს მომავალზე, რადგან ეს შეიძლება, იყოს უბრალოდ აბსტრაქტული საუბრები, ხოლო ბაიდენის ადმინისტრაცია მხოლოდ ისრაელის მხარდაჭერით არის დაკავებული.