“ბოდვაა და ეს თბილისსაც ესმის” – კარასინი ზურაბიშვილის ინტერვიუზე
რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, გრიგორი კარასინი საქართველოს პრეზიდენტის, CBS-სთვის მიცემულ ინტერვიუს გამოეხმაურა, რომელშიც სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ “ძალიან შემაშფოთებელია, როცა საკუთარ ქვეყანაში გყავს ადამიანები, რომლებიც მტრის ენაზე საუბრობენ და რომლებსაც სჯერათ, რომ ისინი საკუთარ სახლში არიან”.
როგორც კარასინმა ტელეგრამის არხზე დაწერა, ზურაბიშვილის ეს განცხადება არის ბოდვა და “საქართველოში ეს კარგად იციან”.
“ზურაბიშვილი რუსულ თემაზე პარაზიტირებას აგრძელებს. იმ ქალბატონს, რომელიც იმპიჩმენტს ძლივს გადაურჩა, ახლა ანერვიულებს საქართველოში მცხოვრები რუსები, რომლებიც „მტრის ენაზე ლაპარაკობენ“. პრეზიდენტი ამაში ხედავს რუსეთისთვის სრულფასოვანი ომის გამოცხადების წინაპირობებს და მხარს უჭერს, რუსეთის მოქალაქეების ქვეყანაში შესვლის აკრძალვას. მსგავს საჯარო განცხადებებს ბოდვის გარდა ვერაფერს ვუწოდებ. დარწმუნებული ვარ, ეს თბილისსაც ესმის”, – დაწერა კარასინმა.
ორი დღის წინ მიცემულ ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი ამბობს, რომ “ძალიან შემაშფოთებელია, როცა საკუთარ ქვეყანაში გყავს ადამიანები, რომლებიც მტრის ენაზე საუბრობენ და რომლებსაც სჯერათ, რომ ისინი საკუთარ სახლში არიან”.
როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, „არსებობს წვრილი ხაზი და ეს ხაზი უნდა შენარჩუნდეს, რათა მომავალში არ გვქონდეს ისეთი ინციდენტები, რომლებიც რუსეთს საშუალებას მისცემს, გამოიყენოს თავისი საყვარელი დოქტრინა რუსულენოვანი მოქალაქეების დაცვის შესახებ“.
კითხვაზე, რატომ არ ამბობს საქართველო უარს ქვეყნის ტერიტორიაზე რუსეთის მოქალაქეების შემოსვლაზე, პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა უპასუხა, რომ ეს შეკითხვა ხელისუფლებას უნდა დაუსვან.
„სამწუხაროდ, მე აღმასრულებელ ხელისუფლებას არ წარმოვადგენ“, – აღნიშნა პრეზიდენტმა.