ირაკლი კობახიძე: ფრენების აღდგენაზე გადაწყვეტილება რუსეთის ცალმხრივი გადაწყვეტილება იყო და ცალმხრივად მიიღო კიდეც
“საუბარი არ მომისმენია, მაგრამ ფრენების აღდგენაზე გადაწყვეტილება რუსეთის ცალმხრივი გადაწყვეტილება იყო და ცალმხრივად მიიღო კიდეც”, – ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ზურაბ აბაშიძისა და გრიგორი კარასინის სატელეფონო ჩანაწერს.
მისივე თქმით, ყველაფერი დღესავით ნათელია.
„ერთადერთი, რითაც ხელისუფლებას ფრენების შეჩერება შეეძლო, ეს იყო რუსეთისთვის სანქციების დაწესება, რაც ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელი იყო. ყველაფერი დღესავით ნათელია. საუბრის შინაარსი რა არის, არ ვიცი და არ მომისმენია“, – განაცხადა კობახიძემ.
ინფორმაციისთვის, „იუთუბზე“ „კიბერ კმარა“ აუდიოჩანაწერს ავრცელებს, რომელიც მათი მტკიცებით, პრემიერმინისტრის სპეციალური წარმომადგენლის, ზურაბ აბაშიძისა და რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საკითხთა კომიტეტის ხელმძღვანელის, გრიგორი კარასინის 2022 წლის მარტში რუსეთ-საქართველოს შორის ფრენების აღდგენის შესაძლებლობაზე საუბარს ასახავს. აუდიოჩანაწერის თანახმად, გრიგორი კარასინი ზურაბ აბაშიძის მოსაზრებით ინტერესდება, რამდენად მიზანშეწონილია აღნიშნულ პერიოდში აღნიშნულ საკითხზე მოლაპარაკებების დაწყება.
აღნიშნულს ზურაბ აბაშიძე გამოეხმაურა და განაცხადა: “აუდიოჩანაწერში სკანდალური არაფერია, კარასინმა აზრი მკითხა და დავუდასტურე, რომ საავიაციო მიმოსვლის აღდგენაზე საუბრის დაწყება მიზანშეწონილი არ იყო”.