ირმა ზავრადაშვილი: ბევრად უარესი ტექსტი მითხრა თინა ბოკუჩავამ – პოლიტიკური დებატები შეურაცხყოფას არ უნდა შეიცავდეს
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ირმა ზავრადაშვილი პარლამენტში დეპუტატებს შორის გუშინ მომხდარ სიტყვიერ დაპირისპირებებსა და შეურაცხმყოფელ განცხადებებს გამოეხმაურა.
მისი თქმით, პოლიტიკური დებატები უნდა იყოს ჯანსაღი და შეურაცხყოფას არ უნდა შეიცავდეს.
“მაგაზე ბევრად უარესი ტექსტი მითხრა მე თინა ბოკუჩავამ და იგივე სალომე სამადაშვილმა ქალბატონ რიმას, მაგრამ ამაზე თქვენ რეაგირება არ გქონიათ. ორივე მხრიდან ვემიჯნები მაგას, არც ის არის სწორი და არც ეს არის სწორი. პოლიტიკური დებატები უნდა იყოს ჯანსაღი და შეურაცხყოფას არ უნდა შეიცავდეს”, – აცხადებს ზავრადაშვილი.
ცნობისთვის, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, ირაკლი ბერაიამ პარლამენტის დამოუკიდებელ დეპუტატ თეონა აქუბარდიას გუშინ შეურაცხმყოფელი რეპლიკებით მიმართა. გარდა ამისა, სიტყვიერი დაპირისპირება იყო ალუდა ღუდუშაურსა და ანა წითლიძეს შორისაც. მოგვიანებით, ირაკლი ბერაიამ თეონა აქუბარდიას მისამართით გაკეთებული შეურაცხმყოფელი განცხადების გამო ბოდიში მოიხადა.