“არ გადადგება ირაკლი ბერაია და არც არავინ აპირებს! მიიღეთ პასუხი? დაკმაყოფილდით?” – შალვა პაპუაშვილი

“ბატონო იაგო, თქვენ გასაგონად ვამბობ, არ გადადგება ირაკლი ბერაია და არც არავინ აპირებს! მიიღეთ პასუხი? დაკმაყოფილდით? იჯექით ასე!”, – ასე მიმართა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა „გირჩის“ წევრს, იაგო ხვიჩიას.

„ის, რომ ჩვენს პარლამენტში დაძაბული სიტუაციაა და ხანდახან შეიძლება, რაღაც ზღვრის გადალახვა იყოს, ამ გამოწვევას თავისი პასუხი აქვს და ამის პასუხი არის ორ რამეში: ერთი, ყველა შევეცადოთ, რომ ჩვენ ჩვენი პასუხისმგებლობით ვიმოქმედოთ და ყველა შევეცადოთ, რომ კეთილსინდისიერები ვიყოთ ყველას მიმართ, არა გამორჩეულად, როცა საქმე ეხება ჩემიანს სხვისიანს, არამედ ყველას მიმართ ვიყოთ.

გარწმუნებთ, თუკი ასე მივუდგებით, მით უმეტეს, „ქართულ ოცნებაზე“ რომ ვსაუბრობთ, რომელსაც უმრავლესობაშია პარლამენტში და რომელსაც, უპირველეს ყოვლისა აქვს ინტერესი, სიმშვიდე და საქმიანი გარემო იყოს. გარწმუნებთ, არავის აქვს სურვილი და სიამოვნებას არავინ იღებს, როდესაც არის არეულობა და თუნდაც შეურაცხყოფა. ამიტომ, ერთ რამეს მოგიწოდებთ, ვიყოთ თანმიმდევრული და ერთი სტანდარტით მივუდგეთ ყველაფერს. წეღან ამიტომ ვამბობდი ქალბატონი თეა წულუკიანის შემთხვევაზე.

ვინმეს თუ ესიამოვნა და გამოხატვის თავისუფლების უმაღლესი მწვერვალი ნახა რუსულ ენაზე, არ ვიცი. ეს პარლამენტისთვის ყველანაირად შეურაცხმყოფელი იყო და მაშინ რომ რეაგირება გვქონოდა დღეს, უფრო სხვა მორალური პიედესტალი გექნებოდათ. ერთი რამ დავაფასოთ, ადამიანმა გამოთქვა თავისი სინანული და სხვებისგან სინანული არ მსმენია ხოლმე“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები