ირაკლი ზარქუა: კრიტიკა მათგან, ვინც არაერთგზის მოსრიალებულან ფსიქოლოგიური არაადეკვატურობის ფონზე, აღმაშფოთებელია

“მოსაწონი ნამდვილად არ არის, მაგრამ კრიტიკა მათგან, ვინც არაერთგზის მოსრიალებულან ფსიქოლოგიური არაადეკვატურობის ფონზე, აღმაშფოთებელია”,- ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ირაკლი ზარქუა პარლამენტში დეპუტატებს შორის გუშინ მომხდარ სიტყვიერ დაპირისპირებებს.

მისივე თქმით, მსგავსი პოლემიკა მისაღები არ არის.

„არ მგონია, ვინმეს მოეწონოს და არ არის მისაღები, არ აქვს მნიშვნელობა, ვის და ვის შორის იყო ასეთი პოლემიკა, შეურაცხყოფების მიყენება. ამასთან დაკავშირებით იყო შესაბამისი რეაგირება. უბრალოდ, მინდა ხაზი გავუსვა შეშფოთებული რადიკალების ტელევიზიას, პოსტი პოსტზე რომ მიუძღვნეს – ბატონი გვარამია რომ აგინებდა და უცენზურო სიტყვებით მოიხსენიებდნენ პრეზიდენტს, მაშინ სად იყვნენ? მაშინ არ იყო ქალის უფლებები, ადამიანის უფლებები, კაცის უფლებები? ეს ორმაგი სტანდარტი არსად გამიგია. ორმაგი სტანდარტი მიუღებელია, არ აქვს მნიშვნელობა ვისი მხრიდან, პიროვნული შეურაცხყოფა მიუღებელია. მოსაწონი ნამდვილად არ არის, მაგრამ იმათგან კრიტიკა აღმაშფოთებელია, რომლებიც არაერთგზის მოსრიალებულან ფსიქოლოგიური არაადეკვატურობის ფონზე. აღიარებები იყო ამ დღეებში ეთერში და დღეს ჩვენს კოლეგებს მორალს უკითხავენ, ეს არის მიუღებელი და შემაშფოთებელი. მოსაწონი არაფერი იყო, ითქვა და განცხადებები გაკეთდა ამაზე, მაგრამ იმ ხალხისგან, ვითომ უფლებების დამცველებისგან, ხმა რომ არ ამოუღიათ, როცა დედას აგინებდა პირდაპირ ეთერში, უცენზურო სიტყვებს იყენებდა, მათ შორის პრეზიდენტის და მოქალაქეების მიმართ და დღეს პოსტებს პოსტებზე წერენ, ეს არის ამორალურობა“, – განაცხადა ზარქუამ.

ცნობისთვის, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, ირაკლი ბერაიამ პარლამენტის დამოუკიდებელ დეპუტატ თეონა აქუბარდიას გუშინ შეურაცხმყოფელი რეპლიკებით მიმართა. გარდა ამისა, სიტყვიერი დაპირისპირება იყო ალუდა ღუდუშაურსა და ანა წითლიძეს შორისაც. მოგვიანებით, ირაკლი ბერაიამ თეონა აქუბარდიას მისამართით გაკეთებული შეურაცხმყოფელი განცხადების გამო ბოდიში მოიხადა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები