რატი ბრეგაძე: ჩვენ მოსახლეობას არასდროს ვეუბნებით ტყუილს
„პირველ ყოვლისა, ვიტყვი, რომ არ მომისმენია ეს ჩანაწერი, შესაბამისად, გამიჭირდება შინაარსზე რაიმე კომენტარის გაკეთება, როდესაც არ ვიცი, საერთოდ რაზე არის საუბარი”,- ასე პასუხობს იუსტიციის მინისტრი, რატი ბრეგაძე აბაშიძე-კარასინის აუდიოჩანაწერის შესახებ დასმულ კითხვას.
მისივე თქმით, მმართველი გუნდი ხალხს არასდროს ატყუებს.
“რაც შეეხება იმ ბრალდებას, რაც გაჟღერდა, თითქოსდა, საქართველოს ხელისუფლება ატყუებს მოსახლეობას, „ქართული ოცნება“ არათუ ატყუებს მოსახლეობას, არამედ ყოველთვის ეუბნება სიმართლეს და თავიდან ბოლომდე ორიენტირებულია საქართველოს ეროვნულ ინტერესებზე, ყოველთვის, ყველა ვითარებაში. ჩვენ მოსახლეობას არასდროს ვეუბნებით ტყუილს, პირიქით, ყოველთვის ვეუბნებით სრულ სიმართლეს და ვართ ორიენტირებული სახელმწიფოს ინტერესებზე ამ რთულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში. კიდევ ერთხელ გეუბნებით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ორიენტირებულია საქართველოს ეროვნულ ინტერესებზე.
რაც შეეხება ფრენების აღდგენას, ფრენების აღდგენის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო რუსეთმა, რადგან რუსეთის მხრიდან იყო გაუქმებული და ამით პრობლემები ექმნებოდა ჩვენს მოქალაქეებს მათ შორის, რომლებიც ცხოვრობდნენ რუსეთის ფედერაციაში და რომლებსაც უწევდათ საქართველოში ჩამოსვლა სხვადასხვა შემოვლითი გზით. გადაწყვეტილება მიიღო რუსეთის ფედერაციამ და თავად გააუქმა ის გადაწყვეტილება, რომელიც ჰქონდა მიღებული“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.
ცნობისთვის, „იუთუბზე“ „კიბერ კმარა“ აუდიოჩანაწერს ავრცელებს, რომელიც მათი მტკიცებით, პრემიერმინისტრის სპეციალური წარმომადგენლის, ზურაბ აბაშიძისა და რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საკითხთა კომიტეტის ხელმძღვანელის, გრიგორი კარასინის 2022 წლის მარტში რუსეთ-საქართველოს შორის ფრენების აღდგენის შესაძლებლობაზე საუბარს ასახავს.
აუდიოჩანაწერის თანახმად, გრიგორი კარასინი ზურაბ აბაშიძის მოსაზრებით ინტერესდება, რამდენად მიზანშეწონილია აღნიშნულ პერიოდში აღნიშნულ საკითხზე მოლაპარაკებების დაწყება.