“ბრიტანეთის მუზეუმიდან დაკარგულ 2 000 -მდე ექსპონატს შორის შესაძლოა, ქართული საგანძურიც იყოს” – “მოძრაობა კულტურული მემკვიდრეობისთვის“

“მოძრაობა კულტურული მემკვიდრეობისთვის“ წარმომადგენლის, ანა დუმბაძის განცხადებით, ბრიტანეთის მუზეუმიდან დაკარგულ 2 000 -მდე ექსპონატს შორის, შესაძლოა, ქართული საგანძურიც იყოს.

ამის შესახებ დუმბაძემ მედიჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში სტუმრებისას ისაუბრა.

“ჩვენი დღევანდელი განცხადება ერთ მეტად შემაშფოთებელ ფაქტზეა, კერძოდ იმის შესახებ, რომ ბრიტანეთის მუზეუმიდან დაკარგულ 2 000 -მდე ექსპონატს შორის , შესაძლოა, ქართული საგანძურიც იყოს. აღნიშნულზე ამ დრომდე შესაბამისი განცხადება არ გაუვრცელებია არც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, არც ბრიტანეთში საქართველოს საელჩოს. შესაბამისად, მათ მოვუწოდებთ, რომ ექსპონატების ბედით დაინტერესდნენ, მოიკვლიონ და ინფორმაცია გაასაჯაროვონ.

ეს ექსპონატები არა მარტო ქართული, არამედ მსოფლიო მნიშვნელობის საგანძური გახლავთ.

ხსენებულ მუზეუმში 500-მდე ქართული არტეფაქტია დაცული, რომელთა ბედი დღემდე გაურკვეველია, უცნობია, არის, თუ არა მუზეუმიდან მოპარულ ექსპონატებს შორის ქართული საგანძური.

                                                           დავით აღმაშენებლის მონეტა

ბრიტანეთის მუზეუმში დაცულ ქართულ არტეფაქტებს შორისაა დავით აღმაშენებლის სპილენძის მონეტა (ერთადერთი შემორჩენილი მონეტა დავით აღმაშენებლის გამოსახულებით), რომელიც მისი მეფობის პერიოდში შეიქმნა; ნინო უორდროპის ყელსაბამი ჯვრით; სამკაული, რომელიც ქეთევან დედოფალს ეკუთვნოდა; I-II საუკუნეებით დათარიღებული ბრინჯაოს ბალთები. ზემოთ ჩამოთვლილი ექსპონატების გარდა, ბრიტანეთში დაცულია რუსუდანის, ლაშა-გიორგის და გიორგი XII-ს დროინდელი მონეტები.

რა თქმა უნდა, აღნიშნული საგანძური უმნიშვნელოვანესი გახლავთ ქართველი მოსახლეობისთვის და ჩვენი მოწოდებაა, რომ მათი ამჟამინდელი ბედის შესახებ ინფორმაცია სასწრაფოდ იყოს მოწოდებული.

                                                  ნინო უორდროპის ყელსაბამი ჯვრით

მუზეუმიდან ექსპონატების დაკარგვასთან დაკავშირებით ინფორმაცია აგვისტოში გავრცელდა. ეს ინფორმაცია უკვე ოფიციალურად დადასტურდა.
ბრიტანეთის მუზეუმის დირექტორი ჰარტვიგ ფიშერი თანამდებობიდან გადადგა. ექსპონატების მოპარვაში მუზეუმის თანამშრომლები არიან მხილებული. მუზეუმი აცხადებს, რომ 2000 მოპარული არტეფაქტი შიდა დანაშაულია იმ პირების მხრიდან, ვისაც მუზეუმის ადმინისტრაცია წლების განმავლობაში ენდობოდა.

მუზეუმის ადმინისტრაციის ცნობით, 60 არტეფაქტის დაბრუნება უკვე მოხერხდა. თუმცა, დანარჩენების ბედი ჯერ გაურკვეველია”- განაცხადა დუმბაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები