რატი ბრეგაძე: ჩვენი მიზანია, სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გასულ ადამიანს გააზრებული ჰქონდეს დანაშაული და მოტივირებული იყოს, ქვეყნის განვითარებაში შეიტანოს წვლილი
ჩვენი მიზანია, სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გასულ ადამიანს გააზრებული ჰქონდეს მის მიერ ჩადენილი დანაშაული და მოტივირებული იყოს, ქვეყნის განვითარებაში შეიტანოს საკუთარი წვლილი. წარმატებული რესოციალიზაციის გასაღები კი უდავოდ განათლებაშია, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ „მსჯავრდებულთა და პრობაციონერთა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროცესში არსებული ინოვაციების“ თემაზე მიმდინარე კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მინისტრის განმარტებით, ამ მიზნით, მსჯავრდებულებს ეძლევათ შესაძლებლობა, სასჯელის მოხდის პერიოდში, საქართველოში ავტორიზებულ უნივერსიტეტებში მიიღონ უმაღლესი განათლება.
„მსურს, განსაკუთრებული მადლიერება გამოვხატო პრემიერ-მინისტრის მიმართ, რომლის მხრიდანაც იუსტიციის სამინისტროს მიმართ ყოველთვის იგრძნობა უწყვეტი, ძლიერი მხარდაჭერა. მხარდაჭერა ასევე გამოიხატება რიცხვებში, ვგულისხმობ ბიუჯეტს, რომელიც შემდგომში გვაძლევს შესაძლებლობას, რაც შეიძლება მეტი რეფორმა განვახორციელოთ, რომელიც ჩვენს ქვეყანას ევროპულ მომავალთან მეტად დააახლოებს. ასევე, დღევანდელ დღეს აუცილებლად უნდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლიერება გამოვხატო გუსტავ ტალვინგის მიმართ, რომელთანაც მაისში გვქონდა შეხვედრა. სწორედ იქ გადაწყდა ამ კონფერენციის ჩატარება. განსაკუთრებულ მადლიერებას გამოვხატავ აშშ-ს საელჩოს მისამართით. ჩვენ ერთობლივად ვატარებთ ამ ღონისძიებას და სწორედ ასეთი ერთობლივი მხარდაჭერის პირობებში შესაძლებელი გახდა, დღევანდელი დღე რეალობა გამხდარიყო.
ნება მიბოძეთ, რამდენიმე სიტყვით შევეხო დღევანდელ თანამედროვე, ადამიანზე ორიენტირებულ ქართულ პენიტენციურ სისტემას. პრემიერ-მინისტრმა ვრცლად ისაუბრა იმ რეფორმების შესახებ, რომლებიც საქართველოში 2012 წლიდან გატარდა. რამოდენიმე სიტყვით შევჩერდები იმ საკითხებზე, რა კეთდება პენიტენციური სისტემის უკეთესი მომავლისთვის. ჩვენი მიზანია, სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გასულ ადამიანს გააზრებული ჰქონდეს მის მიერ ჩადენილი დანაშაული და მოტივირებული იყოს, ქვეყნის განვითარებაში შეიტანოს საკუთარი წვლილი. წარმატებული რესოციალიზაციის გასაღები კი უდავოდ განათლებაშია. სწორედ ამ მიზნით, ჩვენ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან ერთად დავიწყეთ სრულიად ინოვაციური პროექტი, ციფრული უნივერსიტეტი პენიტენციურ დაწესებულებებში, რაც მსჯავრდებულებს აძლევს შესაძლებლობას, სასჯელის მოხდის პერიოდში საქართველოში ავტორიზებულ უნივერსიტეტებში მიიღონ უმაღლესი განათლება, რაც შემდგომში მათ განვითარებას ქმედითად შეუწყობს ხელს. მინდა, განათლებისა და მეცნიერების მინისტრს აქტიური მხარდაჭერისთვის მადლობა გადავუხადო. დარწმუნებული ვარ, ჩვენ ერთობლივი ძალებით მეტ უნივერსიტეტში მივცემთ მსჯავრდებულებს შესაძლებლობას, მიიღონ უმაღლესი განათლება“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.