მაკა ბოჭორიშვილი: უმჯობესი იქნება, თუ ყველა საქმიდან გამომდინარე გავაკრიტიკებთ ერთმანეთს
უმჯობესი იქნება, თუ ყველა საქმიდან გამომდინარე გავაკრიტიკებთ ერთმანეთს. არ მომწონს, როდესაც პიროვნული საკითხების წამოწევა ხდება,- ასე გამოეხმაურა პარლამენტში მომხდარ სიტყვიერ დაპირისპირებას საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი, მაკა ბოჭორიშვილი.
„ალბათ, უმჯობესი იქნება, კომენტარები, რეპლიკები თუ რასაც ვაჟღერებთ, არ იყოს პერსონალური, რაც არცერთი მხრიდან არ მომწონს. ვერ ვიტყვი, რომ ეს არის ის ფორმა, რომელიც პოლიტიკურ დებატს თან უნდა გასდევდეს მაშინ, როდესაც თავისუფლად შეიძლება, საქმიდან გამომდინარე ვაკრიტიკოთ ერთმანეთი. ნამდვილად არ მომწონს ოპოზიციის რიგებიდან აქტიური შეტევები ხოლმე, არ აქვს მნიშვნელობა სქესს, მამაკაცი იქნება, თუ ქალბატონი, როდესაც ხდება პიროვნული საკითხების წამოწევა. უმჯობესი იქნება, თუ ყველა საქმიდან გამომდინარე გავაკრიტიკებთ ერთმანეთს“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა “ქრონიკის” ეთერში.
ინფორმაციისთვის, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე “ქართული ოცნების” დეპუტატმა, ირაკლი ბერაიამ პარლამენტის დამოუკიდებელ დეპუტატ თეონა აქუბარდიას შეურაცხმყოფელი რეპლიკებით მიმართა. გარდა ამისა, სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა უმრავლესობის დეპუტატ ალუდა ღუდუშაურსა და “ნაცმოძრაობის” წევრ ანა წითლიძეს შორისაც.