სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თემატური მოკვლევის ჯგუფის ზეპირი მოსმენა გრძელდება
სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თემატური მოკვლევის – „ახალგაზრდებში აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების პრევენციის და გამოჯანმრთელების პოლიტიკა: გამოწვევები და გაუმჯობესების შესაძლებლობები“ რიგით მეორე ზეპირი მოსმენა გაიმართა. შეხვედრაზე ჯგუფის წევრებმა და საკითხისადმი დაინტერესებულმა პირებმა მოსაზრებები გამოთქვეს და რეკომენდაციების შემუშავებაზე იმსჯელეს.
პარლამენტის ინფორმაციით, შეხვედრაზე თემატური მოკვლევის ჯგუფის მთავარმა მომხსენებელმა, ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარების სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელმა, გივი მიქანაძემ მოკვლევის მთავარ მიზნებსა და გამოწვევებზე ისაუბრა. მისი განმარტებით, მოკვლევის მიზანს სათამაშო ბიზნესისთვის ახალი შემზღუდველი რეგულაციების დაწესებას არ წარმოადგენს.
„აზარტულ თამაშებთან დაკავშირებით 2021 წელს მიღებულმა საკანონმდებლო ცვლილებებმა გარკვეული დადებითი შედეგი მოგვცა, თუმცა ახალგაზრდებში თამაშდამოკიდებულების კუთხით მთელი რიგი გამოწვევები კვლავაც არსებობს. ჩვენი მიზანია, დაინტერესებულ პირებთან ერთად მოვამზადოთ ისეთი დოკუმენტი, რომელიც საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლებას და თამაშისადმი დამოკიდებული პირების გამოჯანმრთელებას შეუწყობს ხელს“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.
თემატური მოკვლევის ჯგუფის ზეპირ მოსმენას ააიპ „დედები აზარტული თამაშების წინააღმდეგ“, სარეაბილიტაციო ცენტრის „დღე პირველი“, ააიპ „სათამაშო ბიზნესის ასოციაციის“ წარმომადგენლები და სარეაბილიტაციო ცენტრის ყოფილი ბენეფიციარები დაესწრნენ.