ლევან ხაბეიშვილი: ვწუხვარ, რომ დეკანოიძე და სამნიძე სტატუსთან დაკავშირებით უპასუხისმგებლო განცხადებებს აკეთებენ, სიგიჟეა – ვდარდობ ამ ადამიანებზე
„სრული ბოდვა, სიგიჟეა. ვწუხვარ, რომ ეს ადამიანები ასეთ უპასუხისმგებლო განცხადებებს აკეთებენ”, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით ოპოზიციონერი პოლიტიკოსების – ხატია დეკანოიძისა და ხათუნა სამნიძის განცხადებების შეფასებისას აღნიშნა.
მისივე თქმით, ამ ადამიანებზე დარდობს.
“ვერ წარმომიდგენია, რუსული პროპაგანდის მსგავსად, ეს წინადადებათა წყობა რატომ უნდა მოიფიქრო და შემდეგ თქვა. გულწრფელად არ მინდა დავუშვა, რომ ეს არის მიზანმიმართულად, რუსული პარტიის საამებლად გაკეთებული. არ მინდა, ეს დავუშვა, მაგრამ საზოგადოებაში ნამდვილად ასე გამოიყურება. ამ ადამიანებზე დაბალი წარმოდგენის არ ვარ და არ მგონია, რომ შემთხვევით, რაღაც უგუნურად მოსდიოდეთ. ჩემდა სამწუხაროდ, დაგეგმილად რუსული, „ქოცური“ პროპაგანდის გაგრძელებას ჰგავს. გულწრფელად ვდარდობ ამ ადამიანებზე“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.
შეგახსენებთ, ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ხათუნა სამნიძემ რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ ოპოზიციაში არიან პოლიტიკოსები, რომლებიც სხვა გზავნილებით მიდიან პარტნიორებთან და ხელს უშლიან სტატუსზე გადაწყვეტილების მიღებაში. ასევე, ოპოზიციონერმა დეპუტატმა ხატია დეკანოიძემაც აღნიშნა, რომ კანდიდატის სტატუსის საკითხზე ოპოზიცია არაერთგვაროვან გზავნილებს აჟღერებს და პარტნიორებში გარკვეულ შეშფოთებას იწვევს.