შალვა პაპუაშვილი: თითო-ოროლა გამონაკლისის გარდა, ოპოზიციაში ყველა უკლებლივ სტატუსის წინააღმდეგ მუშაობდა

“თითო-ოროლა გამონაკლისის გარდა, ოპოზიციაში ყველა უკლებლივ სტატუსის წინააღმდეგ მუშაობდა. ამას დიდი კონსპირაციები და დახურული შეხვედრების ინფორმაციის გამოტანა არ სჭირდება”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, “ერთმანეთის მიმართ თითს იშვერენ, მაგრამ იმდენი გამბედაობა არ აქვთ, რომ ის ადამიანი დაასახელონ, ვინც ქვეყნის ღალატში იყვნენ ჩართულნი”.

„გუშინ ევროკავშირის ელჩმაც აღნიშნა, თუ რამდენად ინტენსიური იყო ჩვენი მუშაობა, მათ შორის, ევროკომისიასთან კომუნიკაციით. მსჯელობა იყო მედიასთან დაკავშირებით ცვლილებებზე. მოხარული ვარ, რომ შევძელით და გვაქვს ურთიერთგაგების მემორანდუმი, რომელიც ჩვენსა და სამოქალაქო პლატფორმას შორის გაფორმდა, სადაც 200-ზე მეტი არასამთავრობო ორგანიზაცია არის გაწევრიანებული და ამ პლატფორმით მთლიანად სამოქალაქო სექტორი არის დაფარული. შესაბამისად, პარლამენტს ამ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმით აქვს თანამშრომლობა მთლიანად სამოქალაქო სექტორთან. ეს და სხვა შედეგები, რაც ბოლო პერიოდში ვაჩვენეთ, იმის ოპტიმიზმს მაძლევს, რომ ეს სათანადოდ იქნება დანახული და შეფასებული. აქედან გამომდინარე, იმედი მაქვს, რომ პოზიტიური გადაწყვეტილება იქნება. მინდა, ევროკომისიას მადლობა გადავუხადო, რადგან ნაყოფიერი თანამშრომლობა გვქონდა. ამავე ნაყოფიერი მუშაობის შედეგად მოკლე დროში დიდი პროგრესის მიღწევა შევძელით.

რაც შეეხება ოპოზიციას, ერთმანეთისთვის იმის გადაბრალება, ვინ ეწინააღმდეგება საქართველოსთვის სტატუსის მინიჭებას, იმას აჩვენებს, თუ რა დამოკიდებულება აქვთ ერთმანეთის მიმართ ოპოზიციის შიგნით. ახლა ცდილობენ, რომ თავს უშველონ და ის, ვინც წურბელასავით მიკრული იყო სხვა ორგანიზაციებს, ახლა “ნაციონალური მოძრაობის” სიით გასული ხალხი ახალ სხეულს ეძებს, ვისაც წურბელასავით მიეკრობა რაღაც პოლიტიკური მოგების მისაღებად. თითო-ოროლა გამონაკლისის გარდა, ოპოზიციაში ყველა უკლებლივ სტატუსის წინააღმდეგ მუშაობდა. ამას დიდი კონსპირაციები და დახურული შეხვედრების ინფორმაციის გამოტანა არ სჭირდება. იმდენი გამბედაობაც კი არ აქვთ, რომ სახელები დაასახელონ. ერთმანეთის მიმართ თითს იშვერენ, მაგრამ იმდენი გამბედაობა არ აქვთ, რომ ის ადამიანი დაასახელონ, ვინც მართლაც ამ ქვეყნის ღალატში იყვნენ ჩართულნი. ერიდებათ, რომ მოღალატეები დაასახელონ, რაც მათ ღირებულებებზე მეტყველებს. ამ პროცესში ყველა ჩართული
იყო და ამას ჩვენი თვალით ვხედავდით. ჩემს შეხვედრებს ოპოზიციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ ხოლმე და ამ ყველაფერს პირდაპირ ვხედავდით. როცა თავად ოპოზიციას ამხელენ, მაგალითად, ქალბატონი სამნიძე იმავე აბზაცში ამბობს, რომ ჩვენ გვყავს ცუდი ხელისუფლება, როგორი ცუდი ქვეყანა ვართ. ამ ყველაფერს ამბობს და რატომღაც ჰგონია, რომ კანდიდატის სტატუსისთვის ბრძოლაა, როცა ევროკავშირში გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან მიდიხარ და ეუბნები – რამდენად ცუდი ქვეყანა გვაქვს, რამდენად მაჩანჩალა ქვეყანა ვართ“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები