შალვა პაპუაშვილი: დღეს ორმხრივი შეხვედრები გვექნება იმ კოლეგებთან, ვინც საქართველოს სტაბილურად უჭერენ მხარს, მოვუწოდებთ, ეს მხარდაჭერა გააგრძელონ
დღეს რვა ორმხრივი შეხვედრა იქნება აზიის აფრიკისა და ცენტრალური ამერიკის ქვეყნებთან, ვცდილობთ, იმ ქვეყნების პარლამენტის თავმჯდომარეებს შევხვდეთ, რომლებიც შესაძლოა, თავს იკავებენ გაეროში საქართველოს თაობაზე მომზადებული რეზოლუციის მხარდაჭერისგან,– ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ანგოლაში განაცხადა, სადაც ვიზიტით იმყოფება.
„ეს არის არა მხოლოდ საქართველოს მხარდაჭერა, ჩვენი იძულებით პირთა მხარდაჭერა და იმის აღიარება, რომ ამ ადამიანებს უფლება აქვთ საკუთარ საცხოვრებლებში დაბრუნდნენ, არამედ ეს არის საერთაშორისო სამართლის პრინციპების დაცვა, რადგან თუ ეს პრინციპი დაირღვევა ერთხელ, შემდეგ ის შეიძლება დაირღვეს ბევრჯერ და საბოლოო ჯამში ბევრ ქვეყანას შეეხოს. ვფიქრობ, რომ ასეთი შეხვედრების შედეგიც არის, რომ გაეროში საქართველოს თაობაზე მომზადებულ რეზოლუციაზე მხარდამჭერთა რაოდენობა იზრდება. ორმხრივი შეხვედრები გვექნება იმ კოლეგებთან, ვინც საქართველოს მხარს სტაბილურად უჭერენ და მათ მიმართ განსაკუთრებული მადლიერება გვაქვს. მათ მოვუწოდებთ, ეს მხარდაჭერა გააგრძელონ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.