“ოკუპაცია ინსტრუმენტია იმისთვის, რომ რუსეთმა რეგიონში მუდმივი დესტაბილიზაცია მოახდინოს, ეს არის გლობალური უსაფრთხოებისთვის გამოწვევა” – შალვა პაპუაშვილი
„ჩემს გამოსვლაში ძირითადი აქცენტი შეეხება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკის გაძლიერებას. ერთი მხრივ, მინდა, კოლეგებს მადლობა გადავუხადო და, მეორე მხრივ, მოვუწოდო, რომ ეს მხარდაჭერა გააგრძელონ“, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ანგოლის დედაქალაქ ლუანდაში საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) 147-ე ასამბლეის დაწყებამდე ჟურნალისტებთან განაცხადა.
„მიმდინარე წელს, საქართველოსთან დაკავშირებით გაეროს რეზოლუციას ყველაზე ფართო მხარდაჭერა ჰქონდა. მათ შორის ერთ-ერთი ამ ფორმატის დამსახურებაა, რომ ეს ქვეყნები იხრებიან იმისკენ, რომ მხარი დაუჭირონ იძულებით გადაადგილებულ პირებთან დაკავშირებით რეზოლუციას. ერთი მხრივ, მინდა კოლეგებს მადლობა გადავუხადო და მეორე მხრივ, მოვუწოდო, რომ ეს მხარდაჭერა გააგრძელონ. გარდა ამისა, საუბარი მექნება იმ გამოწვევებზე, რაც დღევანდელ სამყაროში უსაფრთხოების თვალსაზრისით არსებობს. განსაკუთრებით, ჩვენს რეგიონში. ოკუპაცია ინსტრუმენტია იმისთვის, რომ რუსეთმა მუდმივი დესტაბილიზაცია მოახდინოს რეგიონში. რა თქმა უნდა, ეს არის გამოწვევა არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ რეგიონისთვის და გლობალური უსაფრთხოებისთვის, როცა რუსეთს ოკუპირებული ტერიტორიების მეშვეობით შეუძლია ინსპირირება გაუკეთოს სხვადასხვა სახის დაძაბულობას ქვეყანასა და რეგიონში. ასევე საუბარი მექნება იმ შიდა გამოწვევებზე, რაც ბევრ ქვეყანას აქვს – ეს არის დეზინფორმაციული კამპანიები, რაც გარე და შიდა ფაქტორებით არის განპირობებული. ვისაუბრებ, ამის წინააღმდეგ ბრძოლის ინსტრუმენტებზე. პარლამენტი რაც უფრო გამჭვირვალე და ინკლუზიური იქნება, უფრო მეტად შეეძლება, დეზინფორმაციას გაუმკლავდეს“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.