„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი“ – სავაჭრო-ეკონომიკური და პოლიტიკური ურთიერთობების მნიშვნელოვანი პლატფორმა საქართველოსთვის

2023 წლის 26-27 ოქტომბერს თბილისი აბრეშუმის გზის ფორუმს მეოთხედ უმასპინძლებს – ფორუმი, რომელიც 2015 წელს საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა დააფუძნა, საერთაშორისო ბრენდად იქცა და მნიშვნელოვან პოლიტიკურ-ეკონომიკურ პლატფორმად ჩამოყალიბდა.

რას მოუტანს ქვეყანას 2023 წლის აბრეშუმის ფორუმი, რა მოლოდინები აქვს კერძო სექტორს და რა გამოწვევებს განიხილავენ თემატურ სესიებზე – ამ თემაზე კვირა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დაუკავშირდა, რომელიც აბრეშუმის გზის ფორუმის მთავარი ორგანიზატორია.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, გენადი არველაძე აღნიშნავს, რომ აბრეშუმის გზის ფორუმი პოლიტიკური და კულტურული კავშირების გაღრმავების მნიშვნელოვანი შესაძლებლობად იქცა.

გენადი არველაძე
  • „აბრეშუმის გზის ფორუმი აზიასა და ევროპას შორის ეკონომიკური, პოლიტიკური და კულტურული კავშირების გაღრმავების მნიშვნელოვანი შესაძლებლობად იქცა – ეს არის სადისკუსიო პლატფორმა, სადაც აბრეშუმის გზის ინიციატივის ქვეყნების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლები განიხილავენ თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებსა და კავშირებს საერთაშორისო თუ რეგიონალურ დონეზე.

ვაჭრობა, მათ შორის, ელექტრონული კომერციის განვითარება, სატრანსპორტო და ლოგისტიკური ინფრასტრუქტურა,  ფინანსური ტექნოლოგიები, ტურიზმი, ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის შესაძლებლობები და ქვეყნის საინვესტიციო პოტენციალი – ეს არის ის ძირითადი საკითხები, რომლებსაც ფორუმის მაღალი დონის სესიებსა და დისკუსიებზე განიხილავენ სხვადასხვა ქვეყნის სამთავრობო თუ კერძო სექტორის წარმომადგენლები. წლევანდელ ფორუმში 60-მდე ქვეყნის 2000-მდე დელეგატი მონაწილეობს, რაც კიდევ უფრო მეტად უსვამს ხაზს ამ ფორუმისადმი ინტერესს და მის მნიშვნელობას.

  • როგორც აღინიშნა, აბრეშუმის გზის ფორუმი წელს მეოთხედ იმართება საქართველოში. რით იქნება გამორჩეული 2023 წლის ღონისძიება და რა არის, ასე ვთქვათ, წლევანდელი ფორუმის მთავარი მესიჯი?
  • არაერთხელ აღინიშნა, რომ, ისტორიულად, საქართველო აბრეშუმის გზის ნაწილია და მისი როლი საერთაშორისო დონეზე მნიშვნელოვნად იზრდება სატრანსპორტო-ლოგისტიკური, სავაჭრო, ენერგეტიკული, ციფრული და ფინანსური ჰაბის მიმართულებით. შესაბამისად, ვფიქრობთ, რომ ქვეყნებს შორის დაკავშირებადობა უმნიშვნელოვანესია იმისთვის, რომ  ვუპასუხოთ გლობალურ ეკონომიკურ გამოწვევებს უკეთესი მომავლისთვის. წლევანდელი ფორუმის მთავარი მესიჯია Connecting Today Resilient Tomorrow.

საქართველოს, თავისი გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე,  შეუძლია უმნიშვნელოვანესი ფუნქცია შეასრულოს ტრანსკონტინენტურ სავაჭრო დერეფანში. „აბრეშუმის გზა“   ისტორიული მნიშვნელობის ინიციატივაა, რომელიც გულისხმობს ერთობლივი პროექტების განხორციელებას, ვაჭრობის გაძლიერებას, მეტი ინვესტიციების მოზიდვას და ზოგადად, ეკონომიკური კავშირების გაძლიერებას პროექტში მონაწილე ქვეყნებს შორის.

ახალმა რეალობამ, რომელიც ჩამოყალიბდა რეგიონში, გარკვეული შესაძლებლობები გააჩინა საქართველოსთვის, რომ კიდევ უფრო განამტკიცოს თავისი, როგორც ჰაბის როლი და ამ მხრივ ხდება „შუა დერეფანი“ უფრო მეტად მიმზიდველი და კონკურენტუნარიანი იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც ვაჭრობენ ერთმანეთთან აზიასა და ევროპას შორის.

შესაბამისად, „შუა დერეფანი“ ექცევა უფრო მეტი ყურადღების ცენტრში და ფორუმზეც ყურადღება  დაეთმობა ზუსტად ამ დერეფნის გაზრდილ მნიშვნელობას – განხილული იქნება ამ კუთხით უფრო მეტი ჩართულობის საკითხები,  ასევე, გადასადგმელი ნაბიჯები ქვეყნების მიმართ პოლიტიკის მიმართულებით, გარდა ამისა, კერძო სექტორების ინიციატივები და სამოქმედო გეგმა ახალი გამოწვევების საპასუხოდ.

  • „შუა დერეფანი“ ბოლო პერიოდში მართლაც განსაკუთრებული ყურადღების ცენტრშია. რა პროექტია ეს, რით არის საინტერესო საქართველოსთვის და რას აკეთებს ჩვენი ქვეყანა იმისთვის, რომ ამ დერეფნის მეშვეობით მაქსიმალური სარგებელი მიიღოს? 
  • შუა დერეფნის განვითარებას 2013 წელს ჩაეყარა საფუძველი, როცა საქართველოს, აზერბაიჯანის რესპუბლიკის და ყაზახეთის რკინიგზის ხელმძღვანელებმა ხელი მოაწერეს ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის განვითარების საკოორდინაციო კომიტეტის დაფუძნების შესახებ შეთანხმებას. დღეს ამ დერეფნის მონაწილე ქვეყნები არიან ჩინეთი, ყაზახეთი, აზერბაიჯანი, თურქეთი, საქართველო, რუმინეთი, უკრაინა და პოლონეთი.

ტრანსკასპიურ საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტს აქვს დიდი პოტენციალი, რომელიც ხელს შეუწყობს სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის და ბალტიის ქვეყნებთან თანამშრომლობის გაღრმავებას და დამატებითი ტვირთნაკადების მოზიდვას ჩინეთიდან საქართველოს გავლით, ევროპისა და უკუმიმართულებით. ამდენად, საქართველოსთვის შუა დერეფანში მონაწილეობა უაღრესად მნიშვნელოვანია ქვეყნის სატრანზიტო და სატრანსპორტო პოტენციალის სრულად რეალიზებისთვის.

ამ მიზნით საქართველოს მთავრობა ახორციელებს ძირეულ რეფორმებსა და პროექტებს, რომ განვითარდეს საქართველოს სახმელეთო, სარკინიგზო, საავიაციო, საზღვაო-სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა,  აშენდეს  სატრანსპორტო-ლოგისტიკური ცენტრები, გაიზარდოს პორტების, ახალი ტერმინალების რაოდენობა და ტვირთების მომსახურების შესაძლებლობები.

საქართველოს ჩართულობა „შუა დერეფნის“ პროექტში ზრდის სავაჭრო-ეკონომიკურ კავშირებს საქართველოსა და დერეფნის სხვა სახელმწიფოებს შორის, ხელს უწყობს დამატებითი ინვესტიციების მოზიდვას და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას.

  • გამოცდილება აჩვენებს, რომ ფორუმისადმი კერძო სექტორს აქვს ყოველთვის მაღალი ინტერესი, რასაც ადასტურებს წლევანდელი დელეგატების რაოდენობაც. ფორუმის ფარგლებში, როგორც წესი, იმართება ხოლმე  საინვესტიციო სესიები და ორმხრივი შეხვედრები ბიზნესებს შორის. როგორ ფიქრობთ, რით არის საინტერესო საქართველო სხვა ქვეყნების ინვესტორებისთვის?  
  • საქართველო ერთადერთი ქვეყანაა რეგიონში, რომელსაც აქვს თავისუფალი სავაჭრო კავშირი ევროკავშირთან და ჩინეთთან. ჩვენს ქვეყანას თავისუფალი სავაჭრო ხელშეკრულებები ამჟამად, 46 ქვეყანასა და ერთ დამოუკიდებელ საბაჟო ტერიტორიასთან (ჰონგ-კონგი) აქვს. ჩვენი  ექსპორტის 87% თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის მქონე ქვეყნებში გადის – ქართული წარმოშობის პროდუქტებს შეუძლიათ  თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმით შესვლა მსოფლიო სამომხმარებლო ბაზრის 1/3-ში, რაც 2.3 მილიარდიან სამომხმარებლო ბაზარს წარმოადგენს. ცხადია, რომ ეს უპირატესობები განსაკუთრებით მიმზიდველი და საინტერესოა კერძო სექტორისთვის.

გეოგრაფიული მდებარეობა, მიმზიდველი საინვესტიციო გარემო და ბაზრის ღიაობა, სწორი ეკონომიკური პოლიტიკა და რეფორმები, რომლებსაც დადებითად აფასებენ საერთაშორისო ფინანსური ორგანიზაციები და ავტორიტეტული სარეიტინგო კომპანიები, მზარდი ეკონომიკა და რეგიონული მნიშვნელობის სავაჭრო პლატფორმის როლი დიდი ეკონომიკების მქონე ქვეყნებისთვის, არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საფუძველი იმ მიზნების მისაღწევად, რაც კიდევ უფრო მეტად გააძლიერებს ჩვენი ქვეყნის ჰაბის ფუნქციას  და გაზრდის მის როლს ევროპისა და აზიის თანამედროვე ეკონომიკურ ურთიერთობებში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები