ჩემთვის, როგორც იუსტიციის მინისტრისთვის, სამწუხაროდ, უკვე დადგენილი ფაქტია, რომ სახელმწიფოს მეთაურმა დაარღვია კონსტიტუცია, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განაცხადა.
„ზოგადად, რაც შეეხება იმპიჩმენტის პროცესს, მოგეხსენებათ, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ პრეზიდენტმა დაარღვია საქართველოს კონსტიტუცია. ჩემთვის პირადად, როგორც იუსტიციის მინისტრისთვის, სამწუხაროდ, უკვე დადგენილი ფაქტია, რომ სახელმწიფოს მეთაურმა დაარღვია კონსტიტუცია. ეს შემიძლია გითხრათ იმპიჩმენტის პროცესთან დაკავშირებით“, – განაცხადა ბრეგაძემ.
მინისტრმა ასევე უპასუხა შეკითხვას შესაძლოა, თუ არა პროცესმა პროკურატურაში გადაინაცვლოს იმ შემთხვევაში, თუ პრეზიდენტი მთავრობის უნებართვოდ ისევ გააგრძელებს ევროპაში სამუშაო ვიზიტებს.
„პროკურატურის ნაწილზე მე როგორ გიპასუხოთ, ამაზე პროკურატურას უნდა დაელაპარაკოთ. ზოგადად, თუკი ვინმე ჩაიდენს სისხლის სამართლის დანაშაულს, რა თქმა უნდა, შესაძლებელია, რომ დაიწყოს გამოძიება, თუკი ვინმე დაარღვევს სსკ-ს ან ჩაიდენს დანაშაულს“, – განაცხადა ბრეგაძემ.
გარდა ამისა, მინისტრმა აღნიშნა, რომ ევროპელ ლიდერებთან შეხვედრის გამო არავის დაუწყია იმპიჩმენტის პროცედურა.
„პროცედურა დაიწყო იმის გამო, რომ იყო საფუძვლიანი ვარაუდი, პრეზიდენტმა დაარღვია კონსტიტუცია. ეს ისედაც ცხადი იყო, თუმცა ამის შესახებ მტკიცებით ფორმაში არავინ საუბრობდა, ვიდრე საკონსტიტუციო სასამართლომ არ მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება. დღეს უკვე დადასტურებული ფაქტია, რომ საქართველოს პრეზიდენტმა დაარღვია საქართველოს კონსტიტუცია და ეს არის სამწუხარო ფაქტი. თქვენ თუ მოუსმენთ საკონსტიტუციო სასამართლოში პროცესს, საუბარი იყო იმაზე, რომ მან არ აიღო მთავრობისგან შესაბამისი ნებართვა, ეს არის კონსტიტუციის დარღვევა და სწორედ ამიტომ მიმდინარეობდა მთელი ეს პროცესი. როდესაც მიმდინარეობს სამართლებრივი პროცედურა კონსტიტუციის და ყველა სხვა კანონის სრული დაცვით, ეს არავითარ შემთხვევაში არ არის დამაზიანებელი, პირიქით, სამართლებრივ სახელმწიფოში ეს არის ჩვეულებრივი სიტუაცია. ევროკავშირი არის იმ სახელმწიფოთა გაერთიანება, რომლებიც სამართლებრივი სახელმწიფოები არიან“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.