ნიკოლოზ სამხარაძე რუმინეთის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს და კომიტეტის წევრებს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე და კომიტეტის წევრები რუმინეთის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს, ტიტუს კორლაცეანს და კომიტეტის წევრებს შეხვდნენ.

პარლამენტის ინფორმაციით, შეხვედრისას განიხილეს საქართველო-რუმინეთს შორის არსებული სტრატეგიული ურთიერთობები, ენერგეტიკულ და სავაჭრო სფეროში თანამშრომლობა და ევროინტეგრაციის კუთხით საპარლამენტო დონეზე გამოცდილების გაზიარების საკითხები.

ნიკოლოზ სამხარაძემ და კომიტეტის წევრებმა რუმინელ კოლეგებთან ისაუბრეს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე გადადგმული ნაბიჯების შესახებ და დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს მათ 12 რეკომენდაციის შესრულების მხრივ მიღწეული პროგრესის თაობაზე. მხარეებმა განიხილეს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში – აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში არსებული რთული ვითარება და რუსეთიდან მომდინარე საფრთხეები.

„ჩემს კოლეგებთან ერთად შეხვედრა გვქონდა რუმინეთის სენატის წარმომადგენლებთან, სადაც განვიხილეთ ორმხრივი თანამშრომლობის დინამიკა, უსაფრთხოების გარემო და საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი. დელეგაციის წევრებმა აღნიშნეს, რომ რუმინეთის, როგორც ხელისუფლების, ასევე ოპოზიციის წარმომადგენლები მტკიცედ უჭერენ მხარს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას”, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ. შეხვედრაში საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, მარიამ ლაშხი და კომიტეტის წევრები – მაია ბითაძე და ირაკლი ჩიქოვანი მონაწილეობდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები