სალომე ზურაბიშვილი: მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და მივულოცო საკონსტიტუციოს მოსამართლე კიკილაშვილს შვილის წარმატება
“კარგად ვიცი, რომ გადაწყვეტილება უკვე მიღებულია – ერთადერთი რამ, რაც ჯერ კიდევ გადასაწყვეტია, ამ კენჭისყრის შედეგი და ესეც თქვენზე კი არაა დამოკიდებული, არამედ იმაზე, თუ რამდენის შემოერთებას შეძლებთ, ვის კომპრომატით, ვის მოსყიდვით და ვის შვილის დაწინაურებით. აქვე მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და მივულოცო საკონსტიტუციოს მოსამართლე კიკილაშვილს შვილის წარმატება”, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა იმპიჩმენტის საკითხის განხილვისას, პარლამენტში პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, ხალხს მმართველი გუნდის აღარ სჯერა.
“კარგად ვიცი, რომ გადაწყვეტილება უკვე მიღებულია, სადღაც ზემოთ პარტიის მაღალ სფეროებში, თუ სადღაც ჩრდილოეთით, სადაც კარგად იციან, თუ ვინ არ გაუხსნის არასოდეს მათ გზას ამ ქვეყანაში და გადაეღობება ყველგან და ყოველთვის. ერთადერთი რამ, რაც ჯერ კიდევ გადასაწყვეტია ამ კენჭისყრის შედეგი და ესეც თქვენზე კი არაა დამოკიდებული, არამედ იმაზე, თუ რამდენის შემოერთებას შეძლებთ, ვის კომპრომატით, ვის მოსყიდვით და ვის შვილის დაწინაურებით. აქვე მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და მივულოცო საკონსტიტუციოს მოსამართლე კიკილაშვილს შვილის წარმატება.
ან კიდევ სხვისი ბარათის გამოყენებით, რითაც ერთ-ერთი ვეტოს დაძლევაც შეძელით. ისიც კარგად ვიცი, რომ რაც არ უნდა იყოს კენჭისყრის შედეგი, ამას გამარჯვებად გამოაცხადებთ და ამას ერთი მესიჯბოქსით გააჟღერებთ, მაგრამ იმას რას უზამთ, რომ ხალხს თქვენი აღარ სჯერა?! მოდელირებული რეალობით ვეღარ ატყუებთ და ყველა ხვდება იმას (და შესაძლოა, თქვენც კი ზოგჯერ), რომ ამ პროცესის დაწყება, როგორც მისი ნებისმიერი შედეგით დასრულება, მხოლოდ და მხოლოდ თქვენი სისუსტის და პოლიტიკური წარუმატებლობის უტყუარი ნიშანია. ამას ვერსად გაექცევით”, – განაცხადა ზურაბიშვილმა.