მამუკა მდინარაძე – იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების არჩევაზე: ეს იყო „ნაცმოძრაობისთვის“ მოწმენდილ ცაზე მეხი
“მე დაგეთანხმებით კითხვაში გახმოვანებულ პათოსზე. მოწმენდილ ცაზე მეხი იყო, ოღონდ „ნაცმოძრაობისთვის“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ორი არამოსამართლე წევრის არჩევის საკითხზე საუბრისას ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა.
მისივე თქმით, ევროკომისიის რეკომენდაციის კონკრეტული პუნქტის შესასრულებლად მმართველმა გუნდმა მობილიზაცია უნდა გამოაცხადოს, რადგან ოპოზიცია პროცესს ხელს უშლის.
„ჩვენ მთელი მობილიზაცია უნდა გამოვაცხადოთ, მთელი მანევრები უნდა ვატაროთ, რათა შესრულდეს ევროკომისიის რეკომენდაციის კონკრეტული პუნქტი, რაშიც დეკლარირებულად ხელს გვიშლის რადიკალური ოპოზიცია. არცერთ მათგანს არ განუცხადებია, რომ მხარს დაუჭერს რომელიმე პუნქტის შესრულებას. ამიტომ ჩვენ მათგან დამოუკიდებლად მოვახერხეთ. როგორი საბოტაჟი და ბულინგი იყო წინა შემთხვევაში საკუთარი თანაგუნდელების მიმართ მხოლოდ იმის გამო, რომ მათ მხარი დაუჭირეს ევრორეკომენდაციის შესრულებას და კონკრეტულ ადამიანებს მისცეს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ასარჩევად ხმა. ეს იყო ევრორეკომენდაციის ერთ-ერთი პუნქტი და დღეს ჩვენ ეს პუნქტი სრულად შევასრულეთ და ეს ევროდავალება ჩავხურეთ“, – აღნიშნა მდინარაძემ.
ცნობისთვის, პარლამენტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ორი არამოსამართლე წევრი აირჩია.