მიხეილ სარჯველაძე: არეულობის შექმნის დაუოკებელი წყურვილი ამოძრავებთ
მმართველი გუნდის წევრი, მიხეილ სარჯველაძე “დროასა” და “გირჩი მეტი თავისუფლების” ერთობლივი პროექტის – mona.ge-ს შექმნის საკითხს გამოეხმაურა.
“ძალიან ფრთხილად იყვნენ, ვიდრე შეურაცხყოფასა და რადიკალიზაციაზე დაიწყებენ ფიქრს. გასაგებია, რომ ადამიანებს ამ ქვეყანაში არეულობის შექმნის დაუოკებელი წყურვილი ამოძრავებთ, მაგრამ ქმედებას არ ამართლებს. ასეთი ინიციატივები პრაქტიკულად იმისი გაგრძელებაა, რაც თქვა ბრიფინგზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა. ეს არის ადამიანების გაშავების სტრატეგია. ასეთი გადაწყვეტილებების მიღების დროს ფრთხილად უნდა იყვნენ, რადგან ამ ყველაფერს, მათ შორის, მორალური პასუხისმგებლობა აუცილებლად მოჰყვება”, – აღნიშნა სარჯველაძემ.
ცნობისთვის, “დროას” და “გირჩი მეტი თავისუფლების” ინფორმაციით, მათი ახალი ერთობლივი პროექტი “mona.ge”-ს აქვს სამი მიზანი: 1. დღეს საქართველოში არსებული რუსული რეჟიმის მონურ მორჩილებასა და სამსახურში მყოფთა მხილება და მათი ვინაობების გასაჯაროება; 2. მხილებული ადამიანების ვინაობების შენახვა ციფრულ ფორმატში მომავალი თაობებისთვის, როგორც ადამიანების, რომლებიც ქვეყნის ისტორიის ამ მნიშვნელოვან და მძიმე პერიოდში სხვადასხვა ფორმითა და ფუნქციით იდგნენ რუსული რეჟიმის სამსახურში; 3. ამ ადამიანებისთვის და მათი ოჯახის წევრებისთვის დასავლეთის ქვეყნებში გაქცევისა და თავშესაფრის მიღებისთვის მაქსიმალურად ხელის შეშლა ყოველკვირეულ რეჟიმში, სპეციალურ ბრიფინგზე ამ ადამიანების ვინაობები და მათი საქმიანობა გასაჯაროვდება.
მათივე ინფორმაციით, მხილებული ადამიანების სია ყოველთვიურ რეჟიმში გადაეგზავნებათ დასავლეთის ქვეყნების საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ მისიებსა და დასავლეთის ქვეყნების საემიგრაციო სამსახურებს.