ისრაელის სამხედრო და სადაზვერვო სამსახურები მსოფლიოში საუკეთესოდ მიიჩნევა, მაგრამ 7 ოქტომბერს ოპერატიულ და სადაზვერვო მუშაობაში ჩავარდნამ, ნახევარი საუკუნის განმავლობაში პირველად, ისრაელის თავდაცვის ყველაზე სერიოზული დარღვევა გამოიწვია.
ამის შესახებ The New York Times-ი წერს.
ისრაელის დაზვერვის ოთხი მაღალჩინოსნის თქმით, რომლებიც გამოცემასთან ანონიმურობის პირობით ისაუბრეს, ისრაელში “ჰამასის” შეჭრა შესაძლებელი გახდა ისრაელის დაზვერვისა და სამხედროების მიერ უსაფრთხოების უზრუნველყოფაში დაშვებული რიგი შეცდომების გამო.
მათ შორის, გაზეთის წყაროებმა დაასახელეს იმ საკვანძო საკომუნიკაციო არხების გაკონტროლების უუნარობა, რომლებსაც ”ჰამასის” მებრძოლები იყენებდნენ;
საზღვრის სათვალთვალო აღჭურვილობაზე გადაჭარბებული დამოკიდებულება, რომლის მწყობრიდან გამოყვანა “ჰამასმა” მოახერხა;
მეთაურების კონცენტრაციამ ერთ სასაზღვრო ბაზაზე, რომელიც შეჭრის დასაწყისში იყო დაკავებული, რამაც ხელი შეუშალა დანარჩენ შეიარაღებულ ძალებთან კომუნიკაციის შენარჩუნებაში;
ღაზას სამხედრო ლიდერთა პირადი სატელეფონო საუბრების დროს გაკეთებული განცხადებების დაჯერება, რომ ისინი არ ემზადებიან ბრძოლისთვის. “ჰამასის” მებრძოლებმა იცოდნენ, რომ ამ არხებს ისრაელი მიყურადებისთვის იყენებდა.
New York Times-ი წერს, რომ როდესაც ისრაელის დაზვერვის წარმომადგენლებმა გასულ კვირას ქვეყნის თავდაცვისთვის ყველაზე მწვავე საფრთხეების შესახებ ბრიფინგს მართავდნენ, მათ ყურადღება გაამახვილეს ისრაელის ჩრდილოეთ საზღვარზე, ლიბანელი ბოევიკების საფრთხეზე, ხოლო “ჰამასიდან” მომდინარე საფრთხე თითქმის ნახსენები არ ყოფილა.