გენერალური ასამბლეის არჩევნების შედეგების შემდეგ, რუსეთი არ მოხვდა გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოში 2024-2026 წლებში, – ამის შესახებ „რია ნოვოსტის“ კორესპონდენტი იუწყება.
ირკვევა, რომ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ჯგუფიდან ორი ადგილისთვის ასევე იბრძოდნენ ალბანეთი და ბულგარეთი. პირველმა 123 ხმა მიიღო, მეორემ – 160. რუსეთს მხარი 83 სახელმწიფოს წარმომადგენელმა დაუჭირა.
როგორც გაეროში რუსეთის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილემ, მარია ზაბოლოცკაიამ აღნიშნა, კენჭისყრის დროს შეერთებულმა შტატებმა ქვეყნებზე მნიშვნელოვანი ზეწოლა მოახდინა.
„შეერთებულმა შტატებმა ალბანეთისთვის კამპანია ჩაატარა. ასეთი კამპანია პირდაპირ ჩვენს წინააღმდეგ არის უპრეცედენტო ამბავი. ისინი ეწვივნენ აქ დელეგაციებს, გაუგზავნეს მესიჯები, შეხვდნენ მათ პირადად. შეერთებული შტატები ხელმძღვანელობდა ალბანეთის კამპანიას“, – ხაზგასმით აღნიშნა მან.
ზაბოლოცკაიას თქმით, ადამიანის უფლებათა საბჭოს არჩევნებში კამპანიის ჩატარების შემთხვევები ისტორიაში არ ყოფილა.