“განვიხილავთ ვენეციის კომისიის თითოეულ რეკომენდაციას და ჩვენი არგუმენტირებული ნაბიჯები გვექნება” – არჩილ თალაკვაძე

“განვიხილავთ ვენეციის კომისიის თითოეულ რეკომენდაციას და ჩვენი არგუმენტირებული ნაბიჯები გვექნება – ვენეციის კომისიასთან თანამშრომლობას განვაგრძობთ, ასევე განვაგრძობთ რეფორმებს ჩვენი ქვეყნის დემოკრატიის, მართლმსაჯულების და ეკონომიკის გაუმჯობესებისთვის”, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცესპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ სასამართლოს რეფორმაზე ვენეციის კომისიის დასკვნის შეფასებისას ჟურნალისტებს განუცხადა.

„დღეს რომ სასამართლო სისტემა შეუდარებლად უფრო თავისუფალი და დამოუკიდებელია, ეს ჩანს მონაცემებში, საერთაშორისო ინდიკატორებსა და მიმდინარე სტატისტიკაში, სადაც არის ბალანსი მოქალაქეებსა და სახელმწიფოს შორის მოგებულ დავებში, სადაც ყველა რეზონანსულ, მაღალი ინტერესის საქმეზე ჩვენი, ქართული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები სტრასბურგმა პრაქტიკულად დაადასტურა. არაერთი ასეთი საქმეა, რომლის გამოც სასამართლოს წლების განმავლობაში სრულიად უსამართლოდ აკრიტიკებდნენ და შემდეგ ბოდიში არ მოუხდია სასამართლო სისტემის არცერთ ოპონენტს, ამიტომ, უპირველესად მნიშვნელოვანია, შევინარჩუნოთ ეს პროგრესი. მოხდეს ამ მიღწევების ინსტიტუციონალიზაცია და ასევე, არ დავუშვათ პოლიტიკური ჩარევა სასამართლო სისტემაში, რისი მცდელობებიც ჩვენი ოპოზიციის მხრიდან არაერთხელ იყო. რაც შეეხება ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს, როგორც ყოველთვის ჩვენ მას, რა თქმა უნდა, სერიოზულად, დიდი ინტერესით და ყურადღებით მოვეკიდებით, განვიხილავთ თითოეულ რეკომენდაციას და ჩვენი არგუმენტირებული ნაბიჯები ამასთან დაკავშირებით გვექნება.

რეფორმებზე დისკუსია, ვენეციის კომისიის სამუშაო პროცესია ყველა ქვეყანასთან, არა მხოლოდ საქართველოსთან. ამიტომ ამას ჩვენ ვხედავთ როგორც საქმიან, სამუშაო პროცესს. ყურადღებით და პასუხისმგებლობით ვეკიდებით და განვაგრძობთ ჩვენი მართლმსაჯულების გაუმჯობესებას“,- განაცხადა თალაკვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები