“მძევლების მკვლელობა თქვენს მდგომარეობას ვერ გააუმჯობესებს” – ისრაელის არმია “ჰამასს” აფრთხილებს

ისრაელის თავდაცვის არმიის (IDF) სპიკერმა, რიჩარდ ხეხტმა “ჰამასის” მებრძოლები გააფრთხილა, რომ მძევლების ლიკვიდაცია მათ მდგომარეობას ვერ გააუმჯობესებს.

9 ოქტომბერს “ჰამასის” სამხედრო ფრთის წარმომადგენელმა, აბუ ობაიდამ განაცხადა, რომ თუ ისრაელი საცხოვრებელ შენობებს წინასწარი შეტყობინების გარეშე დაარტყამს, ისინი მძევლების მოკვლას დაიწყებენ.

მისივე მტკიცებით, ტყვეები ამჟამად უსაფრთხოდ არიან და მათ მოკვლაზე პასუხისმგებლობა ისრაელს დაეკისრება.

ისრაელის ხელისუფლებაში მიაჩნიათ, რომ “ჰამასს” 150 მძევალი ჰყავს, რომელთა შორის არიან ქალები და ბავშვები. “ჰამასი” აცხადებს, რომ მას 100-ზე მეტი ადამიანი ჰყავს ტყვეობაში, მათ შორის ისრაელის არმიის მაღალი რანგის ოფიცრები არიან.

როგორც რიჩარდ ხეხტმა თქვა, „თუ მათ ზიანს მიაყენებენ რომელიმე ბებიას, რომელიმე ჩვილს ან ბავშვს, ეს მათ მდგომარეობას ვერ გააუმჯობესებს და მათ ეს იციან”.

მან აღნიშნა, რომ IDF გასცემს გაფრთხილებებს სამიზნეების დაბომბვამდე, მათ შორის, სოციალური მედიის საშუალებით და გამაფრთხილებელ გასროლებს ახორციელებენ.

კითხვაზე, განასხვავებს თუ არა IDF სამოქალაქო, სამთავრობო და სამხედრო სამიზნეებს, ხეხტმა თქვა, რომ ეს არც ისე მარტივია.

“შეიძლება, იყოს იარაღის საწყობი შენობებში, სადაც ხალხი ცხოვრობს…ის შეიძლება, “ჰამასის” ლიდერიც ცხოვრობდეს” – თქვა მან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები