ავიაკომპანიები თელ-ავივის მიმართულებით ფრენებს წყვეტენ

ისრაელის ძალებსა და „ჰამასს“ შორის მიმდინარე ინტენსიური ბრძოლების გამო, რამდენიმე ავიაკომპანიამ ისრაელის მიმართულებით და უკან ფრენები შეაჩერა.

როგორც CNN-ი წერს, American Airlines-მა 13 ოქტომბრის ჩათვლით, თელ-ავივის მიმართულებით ყველა ფრენა გააუქმა.

ამასთან, ფრენები გააუქმა Norwegian Air-მაც. ავიაკომპანია მგზავრებს კოპენჰაგენიდან და სტოკჰოლმიდან თელ-ავივის მიმართულებით 15 ოქტომბრამდე არ მოემსახურება.

Korean Air-ი ერთადერთი სამხრეთ კორეული ავიაკომპანია, რომელიც ინჩეონსა და თელ-ავივს შორის პირდაპირ რეისებს ახორციელებს. მან 9 ოქტომბრის ფრენები გააუქმა, თუმცა განაცხადა, რომ თელ-ავივიდან ინჩეონში ადამიანების სახლებში დასაბრუნებლად საპასუხო რეისს შეასრულებს.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ისრაელში დაახლოებით 570 სამხრეთ კორეის მოქალაქე ცხოვრობს და ქვეყანაში დამატებით 360 ტურისტი იმყოფება, თუმცა კორეის მოქალაქეების დაღუპვის შესახებ ინფორმაცია ჯერ არ დაფიქსირებულა.

მგზავრებისა და ეკიპაჟის უსაფრთხოების გამო, თელ-ავივის მიმართულებით და უკან ფრენები 14 ოქტომბრამდე შეაჩერა Air India-მაც.

გარდა ამისა, თელ-ავივის მიმართულებით 10 ოქტომბრის ფრენები გააუქმა ჰონგ-კონგის Cathay Pacific-მაც. როგორც ავიაკომპანიაში განაცხადეს, სიტუაციას ყურადღებით დააკვირდებიან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები