გიორგი ვოლსკი: ამ რეალობაში ასეთი წამოკნავლებები არაადეკვატურია
“ოპოზიციურ ფლანგზე ასეთი სახის რეზოლუციებს არათუ მხარს არ დავუჭერთ, არამედ საერთოდ არც უნდა განიხილებოდეს. ამ რეალობაში ასეთი წამოკნავლებები არაადეკვატურია”,- ასე გამოეხმაურა მმართველი გუნდის წევრი გიორგი ვოლსკი ოპოზიციონერი დეპუტატების – თეონა აქუბარდიას, პარტია „საქართველოსთვის” წევრების ანა ბუჩუკურისა და მიხეილ დაუშვილის მოთხოვნას, რომ რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში, რუსეთის მუდმივმოქმედი სამხედრო საზღვაო ბაზის გახსნის გადაწყვეტილების შესახებ რეზოლუცია იქნეს მიღებული.
ვოლსკი მიიჩნევს, რომ ინიციატივა პროვოკაციის მცდელობაა.
„საერთოდ, ადრეც ვთქვი და ჩემმა კოლეგებმაც არაერთხელ განაცხადეს, რომ ოპოზიციურ ფლანგზე ასეთი სახის რეზოლუციებს არათუ მხარს არ დავუჭერთ, არამედ საერთოდ არც უნდა განიხილებოდეს, ვინაიდან სულ მცირე არის პროვოკაციის მცდელობა მუდმივად, რომ რაღაცას წარმოადგენენ ეს პოლიტიკური სუბიექტები და ადამიანები იმ დიდ პოლიტიკაში, იმ ურთულეს სიტუაციაში, რაც დღეს საქართველოს შეუქმნა რუსეთის მიერ ტერიტორიების ოკუპაციამ და არამარტო ოკუპაციამ. ამ რეალობაში ასეთი წამოკნავლებები არ არის ადეკვატური და მინდა ერთიც გაგახსენოთ – 2009 წელს რუსეთის ფედერაციამ მყარად და არაორაზროვნად განაცხადა, რომ ოჩამჩირეში სამხედრო ბაზა უნდა ააშენოს, რასაც მრავალი წელი სჭირდება, დაწყებული ზღვის სიღრმის უზრუნველყოფიდან, ინფრასტრუქტურით დამთავრებული და მას მერე ამ მიმართულებით არანაირი მოძრაობა არ იქნა შემჩნეული”, – განაცხადა ვოლსკიმ.