ზოგიერთი მედიკამენტი შესაძლოა, კვლავ ურეცეპტოდ გაიცეს
ფარმაცევტული კომპანიები ურეცეპტოდ გასაცემი წამლების ჯგუფში გადასატან მედიკამენტების სიას ჯანდაცვის სამინისტროს დღეს მიაწვდიან, რის შემდეგაც სამინისტროს იმსჯელებს.
როგორც ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომა ჟურნალისტებს ფარმაცევტულ კომპანიებთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა, სიას სამინისტროში დღესვე გააანალიზებენ.
ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენლებმა ჯანდაცვის მინისტრთან სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე სხვადასხვა საკითხები დააყენეს, მათ შორის ზოგიერთი მედიკამენტის ურეცეპტოდ გაცემის საკითხი.
“ერთი იყო მედიკამენტების ნაწილის გადატანა ჯგუფიდან ჯგუფში. ეს მიმდინარე საკითხია. ვერანაირ შეზღუდვას ვერ ვხედავ. დღის განმავლობაში მოგვაწვდიან სიებს და მას დღესვე გავაანალიზებთ. მეორე საკითხი არის ის, რომ მიდიოდა ხშირად ექიმებისგან არასრულყოფილად გამოწერილი რეცეპტები, ამაზე შევთანხმდით კომუნიკაციასა და კონკრეტულ რეაგირებაზე. მესამე საკითხი, რაც მათ მიერ იყო წამოყენებული, ის იყო, რომ უფრო მკაცრი კონტროლი განგვეხორციელებინა იმ აფთიაქებისადმი, რომლებიც დარღვევით ახორციელებენ ამ რეგულაციას. რა თქმა უნდა, ეს ჩვენი მოვალეობაა და ასეც მოვიქცევით”, – განაცხადა დავით სერგეენკომ.