“მავნებელმა მინისტრმა სკოლების რეაბილიტაციის 50 მილიონიანი პროექტი ჩააგდო”
განათლების ყოფილი მინისტრი დიმიტრი შაშკინი მოქმედ მინისტრს, თამარ სანიკიძეს აკრიტიკებს და მას მავნებლობაში ადანაშაულებს. როგორც რეფორმატორთა კლუბის ხელმძღვანელმა საინფორმაციო ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში განაცხადა, თამარ სანიკიძემ თავისი ახალი მავნებლობით 50 მილიონიანი პროექტი ჩააგდო, რომელიც 200-მდე სკოლის რეაბილიტაციას გულისხმობდა. მისი თქმით, აღნიშნული პროექტი საქართველოს ბიუჯეტს 10 მილიონს მოუტანდა, ხოლო 4 000 -მდე ადამიანს დაასაქმებდა. „2012 წელს აშშ მთავრობამ მილენიუმის პროგრამის ფარგლებში, საქართველოს დაუმტკიცა პროექტი, რომლიც სკოლების რეაბილიტაციის კუთხით 50 მილიონ დოლარს მოიცავდა. საქართველოს მთავრობაში განათლების მინისტრი თამარ სანიკიძე ყველაზე დიდი მავნებლობით გამოირჩევა. ის აფუჭებს ყველაფერს, რისი გაფუჭებაც შეიძლება. სანიკიძემ, თავისი მავნებლობით, წელს მოკლა პროექტი, რომელიც დაახლოებით 200 სკოლის რეაბილიტაციას ეხებოდა. ამ პროექტზე 4 000 ადამიანი დასაქმდებოდა. პირდაპირი გადასახადით კი ბიუჯეტი ათ მილიონ დოლარს მიიღებდა, მაგრამ, ეს ყველაფერი სანიკიძის ვამნებლობით დარჩა ქაღალდზე. განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ 2 წლის განმავლობაში პროექტების შემუშავებაც კი ვერ უზრუნველყო იმისათვის, რომ სკოლების რეაბილიტაცია დაწყებულიყო. შედეგად კი ბიუჯეტს ათი მილიონი დააკლდა, ბავშვებს კი გარემონტებული სკოლები“,- განაცხდა დიმიტრი შაშკინმა.