“არის საშიშროება, რომ საქართველოს ტერიტორიიდან დრონების გამოყენება მოხდეს”- რუსი სამხედრო ექსპერტი ოჩამჩირეში რუსეთის ფლოტის განთავსების სარგებელზე

რუსი სამხედრო ექსპერტი, საზოგადოებრივი მოძრაობა “საზღვაო ძალების საბრძოლო სამსახურის ვეტერანთა კავშირის” თანათავმჯდომარე, ვიქტორ ბლიტოვი მიიჩნევს, რომ ოჩამჩირეში რუსეთის სამხედრო ფლოტის ბაზირებით შესაძლებელი გახდება ფლოტის იმ ძალების გადანაწილება, რომელსაც უკრაინის შეიარაღებული ძალები დრონებით იერიშის მიტანას ცდილობენ.

ამის შესახებ მან რადიო Sputnik-თან საუბარში თქვა.

მეორე მხრივ, საჭიროა მოკავშირე აფხაზეთის მხარდაჭერა, ადგილზე საზღვაო ფლოტის ყოფნა “საქართველოზე მოახდენს გავლენას, რომელსაც, ალბათ, რუსეთთან ომისკენ უბიძგებენ”.

“შესაძლებელი გახდება იმ ფლოტის გადანაწილება, რომელზეც უკრაინის შეიარაღებული ძალები დრონებით იერიშის მიტანას ცდილობენ სევასტოპოლისა და ნოვოროსიისკის პორტებში. მეორე მხრივ, ჩვენ უნდა დავუჭიროთ მხარი ჩვენს მოკავშირეებს – ეს არის აფხაზეთი. ფლოტის იქ ყოფნა, რა თქმა უნდა, შეძლებს საქართველოზე გავლენის მოხდენას, რომელსაც, ალბათ, რუსეთთან ომისკენ უბიძგებენ, რომ უკრაინაში უკეთესი მდგომარეობა იყოს. სავარაუდოა, რომ ასეთი გეგმების არსებობა და აფხაზეთში ჩვენი გემების ყოფნა ხელს შეუწყობს ვიღაცის “ცხელი თავების გაციებას”,- თქვა მან.

რუსმა სამხედრო ექსპერტმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთის საზღვაო ძალების გემებისთვის სრულფასოვანი მუდმივი ბაზის შექმნას გარკვეული დრო დასჭირდება.

„გემების ბაზირება უზარმაზარ მატერიალურ-ტექნიკურ ბაზას გულისხმობს და ის ჯერ შესაქმნელია. დიახ, ოჩამჩირეში არის ინფრასტრუქტურა, მაგრამ აუცილებელია მისი დახვეწა, შევსება და მომზადება. დამცავი კარიბჭეც გვჭირდება, რომ დრონებმა ვერ შეძლონ პორტის ტერიტორიაზე მოხვედრა და გემების დაზიანება. იმედი მაქვს, რომ ყველაფერი ძალიან სწრაფად გაკეთდება. არის საშიშროება საქართველოს ტერიტორიიდან დრონების გამოყენების თვალსაზრისით. იქ ბევრი უკრაინელი ლტოლვილია, რომლებსაც შეუძლიათ უპილოტო საფრენი აპარატების ჩატანა და გაშვება“, – დასძინა ვიქტორ ბლიტოვმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები