“შეკრებებისა და მანიფესტაციის შესახებ“ კანონში ცვლილებების განხილვამ ცხადყო, რომ ოპოზიცია კანონს არ იცნობს” – გივი მიქანაძე
განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძემ „შეკრებებისა და მანიფესტაციის შესახებ“ კანონში ცვლილებების პარლამენტში განხილვა შეაფასა და აღნიშნა, რომ ოპოზიცია კანონს არ იცნობს.
„შეკრებებისა და მანიფესტაციის შესახებ“ კანონში ცვლილებების სესიაზე გუშინდელმა და დღევანდელმა განხილვამ ცხადყო რამდენიმე ფაქტორი. პირველი – ოპოზიცია კანონს არ იცნობს, მეორე – ოპოზიციამ ვერც ერთი შინაარსობრივი არგუმენტი ვერ წარმოადგინა საპირწონედ, მესამე – ოპოზიცია აცხადებს, რომ ამ კანონპროექტში ცვლილება ეწინააღმდეგება კონსტიტუციას, საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკას, თუმცა ვერც ერთი კონკრეტული ფაქტი ვერ დაასაბუთეს, მაშინ როდესაც ჩვენ დავუსახელეთ არაერთი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, ჩვენ წარვუდგინეთ სტრასბურგის სასამართლოს არაერთი გადაწყვეტილება, რომელიც აღნიშნულ საკითხს ეხება და პირდაპირ მიუთითებს, რომ წარმოდგენილი კანონპროექტი
აბსოლუტურად თავსებადობაშია როგორც საქართველოს კონსტიტუციასთან, ასევე საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკასთან და სტრასბურგის სასამართლოს პრაქტიკასთან. ამათზე მათ ვერანაირი არგუმენტები ვერ წარმოადგინეს და მეოთხე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია – ყველა მათი შეკითხვა, ყველა მათი გამოსვლა ორიენტირებული იყო ერთადერთზე – ისინი ხედავენ საშიშროებას თავისთვის და მათთვის საზოგადოებრივი წესრიგი, საზოგადოების უსაფრთხოება აბსოლუტურად არ წარმოადგენს ღირებულებას“, – აღნიშნა მიქანაძემ „ქრონიკასთან“.