სალონის მეპატრონე სამშენებლო ნაგვის დატოვების გამო 1000 ლარით დაჯარიმდა – ქალბატონი ჯარიმის ოდენობას აპროტესტებს

თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე მდებარე ერთ-ერთი სალონის მეპატრონე “თბილსერვის ჯგუფის“ სამსახურს უსაფუძვლო დაჯარიმებაში ადანაშულებს. როგორც “კვირას“ აღნიშნული სალონის მეპატრონემ ლიანა მამისალოვამ განუცხადა, იგი სალონის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე სამშენებლო ნარჩენების განთავსების გამო 1000 ლარით ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე დააჯარიმეს. მისი ინფორმაციით, სალონიდან, სადაც სარემონტო სამუშაოებს აწარმოებს, ნარჩენები ღამის საათებში ტომრებით გამოიტანა და სატვირთო მანქანა დილით ადრიანად დაიბარა. შესაბამისი სამსახურის წამომადგენლებმა კი მასალოვა სატვირთო მანქანის მოსავლამდე დააჯარიმეს.
“სალონს ვარემონტებ, ნარჩენები 2 სატვირთო ავტომობილით თავიდანვე გავიტანეთ, რაც დარჩა რამდენიმე ტომარა საღამოს საათებში, გარეთ, სალონის ტერიტორიაზე გამოვიტანე და დილით სატვირთო ავტომობილი დავიბარე მათ გასატანად, თუმცა სალონთან რომ მივედი უკვე, ყოველგვარი წინასწარი გაფრთხილების გარეშე, ჯარიმა ჰქონდათ გამოწერილი. ვთქვათ, დავაშავე, რა ამბავია 1000 ლარი, უსამართლობაა აუცილებლად გავასაჩივრებ“, -განაცხადა “კვირასთან“ საუბრისას სალონის მეპატრონემ.
“თბილსერვის ჯგუფში“ აცხადებენ, რომ სალონის მეპატრონის დაჯარიმება კანონის სრული დაცვით მოხდა. რაც შეეხება წინასწარი გაფრთხილების საკითხს, “თბილსერვის ჯგუფის“ იურისტი დავით ჩანქსელიანი “კვირასთან“ საუბრისას განმარტავს, რომ მუხლი, რომლითაც სალონის მეპატრონე დაჯარიმდა, წინასწარ გაფრთხილებას არ ითვალისწინებს.
„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 146-ე პრიმა მეორე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, დაჯარიმდა სალონის მეპატრონე ქალბატონი. ეს მუხლი ითვალისწინებს იურიდიულ პირებზე 1000- ლარიან ჯარიმას. საქმე გვქონდა მეორე მუხლის დარღვევასთან, კერძოდ, ნარჩენების, სამშენებლო კონსტრუქციების დედაქალაქის ტერიტორიაზე დაყრასთან. ის, რომ ეს ნაგავი სალონის წინ იყო განთავსებული, გუშინ ღამე გამოიტანეს და დილით სატვირთო ავტომობილი ჰყავდათ დაბარებული, არაფერს იძლევა. ეს მუხლი, სამწუხაროდ, გაფრთხილებას არ ითვალისწინებს. პირდაპირ ჯარიმდება პირი. ზედამხედველობის სამსახური ვერ დაელოდება იმას, თუ როდის მივა მანქანა ნაგვის გასატანად. ფაქტი დაფიქსირებულია, ფოტომასალა არსებობს და სწორედ ამაზე შედგა საჯარიმო აქტი. დაჯარიმებულს 10 დღის განმავლობაში შეუძლია გასაჩივრება. იურიდიული პირებისთვის პირველი ჯარიმა 1000 ლარია, განმეორებით შემთხვევაში – 300 ათასი ლარი“, – განუცხადა “კვირას“ დავით ჩანქსელიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები