“რადიკალებმა კარგად იციან და ბევრი მათგანი აღიარებს კიდეც, ოღონდ საჯაროდ არა, რომ პრეზიდენტმა კონსტიტუცია დაარღვია” – გივი მიქანაძე

„პოლიტიკური შეფასებები, განსაკუთრებით რადიკალების მხრიდან, არის სუბიექტური, მიკერძოებული და ძალიან კარგად იციან მათ და მათგან ბევრი აღიარებს კიდეც, ოღონდ საჯაროდ არა, რომ პრეზიდენტმა კონსტიტუცია დაარღვია. ეს კარგად იციან იმ ადამიანებმაც, ვინც პრეზიდენტის ინტერესებს აბსურდული არგუმენტებით იცავენ“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გივი მიქანაძემ „ქრონიკაში“ განაცხადა.

„თუ ეს იქნება ობიექტურობასა და სამართლიანობაზე დაფუძნებული [გადაწყვეტილება], წესით, არ უნდა იყოს კოლეგიაში აზრთა სხვადასხვაობა. ჩვენ წინასწარ ვერ განვსჯით და ვერ ვიტყვით წინასწარ იმაზე, თუ რაზე და როგორ იმსჯელებენ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები. მათ დასკვნითი სიტყვის შემდეგ აქვთ გარკვეული ვადა, თუ არ ვცდები, დაახლოებით 10 დღე, რომ საჯარო გახადონ საბოლოო გადაწყვეტილება. დარწმუნებულნი ვართ, რომ ყველა ის არგუმენტი, კონკრეტული მტკიცებულება, რომელიც მმართველი გუნდის წარმომადგენლების მხრიდან ამ სამი დღის განმავლობაში გაჟღერდა, რომელიც ცხადყოფს კონსტიტუციის უხეშ დარღვევას პრეზიდენტის მხრიდან, საკონსტიტუციო სასამართლოსთვის აღმოჩნდება საკმარისი არგუმენტი იმისთვის, რომ მიიღოს გადაწყვეტილება, რომ პრეზიდენტმა დაარღვია კონსტიტუცია და შემდგომში ეს პროცესები გადმოინაცვლებს პარლამენტში. ეს ჩანს შეუიარაღებელი თვალითაც. საზოგადოების ის ნაწილიც კი, რომელიც შეიძლება იურიდიულ საკითხებში ვერ ერკვეოდეს, ამ პროცესში მარტივად დაინახავს, თუ ვის მხარეს არის სიმართლე. რეალურად კონკრეტული არგუმენტები და პოზიციები სწორედ რომ მმართველი გუნდის მხრიდან იქნა წარმოდგენილი. პოლიტიკური შეფასებები, განსაკუთრებით რადიკალების მხრიდან, არის სუბიექტური, მიკერძოებული და ძალიან კარგად იციან მათ, და მათგან ბევრი აღიარებს კიდეც, ოღონდ საჯაროდ არა, რომ პრეზიდენტმა კონსტიტუცია დაარღვია. ეს კარგად იციან იმ ადამიანებმაც, ვინც პრეზიდენტის ინტერესებს აბსურდული არგუმენტებით იცავენ“, – აღნიშნა მიქანაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები